საახალწლო ვაჭრობების შეჯამების დრო მოვიდა და ერთობ კონტრასტული სურათი გამოიკვეთა. მსხვილი სავაჭრო ცენტრები მომხმარებლის ერთბაშად გააქტიურებაზე საუბრობენ, ხოლო სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტი უკმაყოფილებას ვერ მალავს. როგორც ჩანს, ფინანსური დაღმასვლა მოსახლეობის ქვედა ფენამ აშკარად იგრძნო.
უმსხვილესი სუპერმარკეტები საახალწლო გაყიდვებს აჯამებენ. “გუდვილის” მენეჯმენტში აცხადებენ, რომ საახალწლოდ გაყიდვების 10%-იან ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა გეგმას გადააჭარბეს და გაყიდვები დღევანდელი მდგომარეობით, 15%-ითაა გაზრდილი. მომხმარებელი “გუდვილის” ახლადგახსნილ საბურთალოს ობიექტზეც აქტიურობდა, სადაც წინასაახაწლოდ რიგებიც დაფიქსირდა.
რეალიზაციის ზრდაზე საუბრობენ სუპერამკეტების ქსელ “სმარტშიც”. “სმარტის” გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ “სმარტის” ობიექტები ახალი გახსნილია, შესაბამისად, მომხმარებელმა “სმარტი” წინასაახალწლოდ გაიცნო. შალვა ხეცურიანის ინფორმაციით, გაყიდვები ახალი წლის დღეებში მინიმუმ 30%-ით გაიზარდა. ხეცურიანი იანვრის პერიოდში გაზრდილი მაჩვენებლის შენარჩუნებას ელოდება.
კიდევ უფრო სიამოვნებით იხსენებენ საახალწლო ვაჭრობას საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე ქსელებში. “ელიტ-ელექტრონიქსში” საახალწლო პერიოდში გაორმაგებულ გაყიდვებზე საუბრობენ. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, გაყიდვები გაორმაგებულია. მომხმარებლის მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეა.
“ტექნო ბუმში” აცხადებენ, რომ 2011 წლის ნოემბერთან შედარებით დეკემბერში გაყიდვები გასამაგდა. მათი ინფორმაციით, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, საახალწლო პერიოდში მაღაზიები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
ამ დროს სრულიად საპირისპირო ვითარებაა სამომხმარებლო ბაზრებში, ბაზრობებზე და განსაკუთრებით აგრარულ ბაზრებში. აქ მყიდველების პასიურობას თან პროდუქციის დეფიციტიც ერთვოდა. სოფლის მეურნეობის ნაწარმის ზოგიერთი სახეობა საერთოდ გამქრალი იყო დახლებიდან.
პროდუქციის დეფიციტთან ერთად, მოვაჭრეები მომხმარებლის ინერტულობაზეც ჩივიან და ამბობენ, რომ საახალწლო ვაჭრობამ მოლოდინი გაუწბილათ. ამ მხრივ, რეალიზაციის მაჩვენებელი გასული წლის ამ პერიოდს დაახლოებით 30-40 და ზოგიერთ შემთხვევაში 50 პროცენტითაც ჩამორჩა.
თითქოს მომხმარებელი ტრადიციულად მრავლად ტრიალებდა, მაგრამ მოვაჭრეებს თუ დავუჯერებთ, ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტი იყო და სინამდვილეში მყიდველს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი აქტიურობა არ გამოუჩენია.
“მართალია, ხალხმრავლობაა, მაგრამ სერიოზული პრობლემები გვქონდა. ყველა ცდილობდა, ესა თუ ის პროდუქცია იაფად შეეძინა, რაც წარმოუდგენელი იყო. მოსახლეობას გაყინული ხორცისა და თევზის ყიდვაც კი გაუჭირდა. ცოცხალი თევზი მცირე რაოდენობით შემოვიდა და დეფიციტის გამო მისი ყიდვა ისედაც გაძნელდა. სოფლის ქათამზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ფიზიკურად არ გვქონდა”, - აღნიშნა გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრემ, ლუიზა გახელაძემ.
საახალწლო სეზონი სამომხმარებლო ბაზრისთვის ის განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც კრიზისის გავლენა არ იგრძნობა და მომხმარებელი ჩვეულებრივზე მეტად აქტიურობს. ამიტომ რეალიზაციის ვარდნა იმის დასტურია, რომ ხალხის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია.
929
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85