ზამთრის კურორტები ჯერჯერობით საახალწლო პაკეტების იმედზე არიან. მართალია, კურორტებზე საახალწლო პერიოდში ტურისტთა ნაკადი გაიზარდა, მაგრამ ეს აქტიურობა მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა. ბაკურიანში, გუდაურსა თუ მესტიაში ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ამის მიზეზი უთოვლობაა. ზედიზედ მეორე წელია საქართველოში “თეთრ ტურიზმს” პრობლემები აქვს.
ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ სასტუმროებსა და გესთ–ჰაუსებში 10 ათასამდე ტურისტის განთავსების საშუალებაა და საახალწლოდ კურორტი სრულად დატვირთული იყო. ცენტრის ინფორმაციითვე, იანვრის პირველ ნახევარში ბაკურიანში, ძირითადად, აზერბაიჯანელი ტურისტები არიან, მეორე ნახევრიდან კი ადგილობრივი ტურისტების სიმრავლეა.
გუდაურის ყველაზე მსხვილ სასტუმრო „გუდაურის“ მენეჯმენტშიც ამბობენ, რომ ახალი წლის დღეებში დამსვენებელთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, თოვლის სიმცირის გამო ტურისტების დიდი რაოდენობა ჯერჯერობით არ არის.
მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე კი “კომერსანტთან” საუბარისას აცხადებს, რომ შეიმჩნევა რუსი და უკრაინელი ტურისტების სიმრავლე. სასტუმროები იანვრის პერიოდშიც დაჯავშნილია. მისი თქმით, თოვლის სიმცირის გამო, შარშანდელთან შედარებით, წელს ტურისტები ცოტა რაოდენობით არიან, თუმცა იანვარ-თებერვალში დამსვენებელთა მატებას ელოდებიან.
ეს იმ შემთხევევაში მოხდება თუკი ამინდი შეიცვლება და ციდან თოვლის ფანტელი ჩამოცვივდება. თუმცა, ჯერჯერობით ასეთი არაფერი ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ქართველი სინოპტიკოსები 17 იანვრამდე ამინდის ცვლილებას არ ელოდებიან. ამის შემდეგაც რამდენად საკმარისი ნალექი მოვა ქვეყნის მაღალმთიანეთში, საიმისოდ, რომ სამთო-სათხილამურო სეზონი გაიხსნას, კიდევ საკითხავია.
არადა, “თეთრი ტურიზმის” სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ თოვლი არ მოვიდა და ვადამაც გადაიწია. აქამდე კიდევ გაურკვეველია კონკრეტული თარიღი, როდის გაიხსნება სეზონი. ეს არცთუ სასიამოვნო ტენდენცია უკვე ბოლო 2 წელია გრძელდება. შარშანაც, ისევე როგორც წელს, ცივი ნალექის მოსვლას დიდხანს ელოდნენ. იანვრის ბოლოს ნანატრ თოვლს ტურისტთა სასურველი ნაკადი არ მოჰყოლია. ამიტომაც, ზამთრის სეზონი ჩავარდა, თუმცა ტურიზმის ჩინოვნიკები მაშინაც (ისევე როგორც წელს) ჯიუტად იმეორებდნენ, რომ სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა. ერთი სიტყვით, ამინდი და საქართველოს მთავრობა 2 წელია ერთმანეთს სიჯიუტეში ეჯიბრებიან.
,,სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. გუდაურში თოვლი იანვარში უნდა მოვიდეს. შარშანდელ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, თოვლი იანვარშიც არ იყო, მაგრამ თებერვალ-მარტში სამთო კურორტებს ბევრი დამსვენებელი ჰყავდა. უთოვლობა, რა თქმა უნდა, არაახარბიელო იქნება და შედეგზე ცუდ გავლენას მოახდენს. თუმცა, თოვლი იანვარშიც რომც მოვიდეს, ჩვენი ვარაუდით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონზე 40-პროცენტიანი ზრდა გვექნება. ამის იმედს გვაძლევს გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურა”, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი.
წელს საქართველოში ტურისტებს აქტიურად ელოდებიან უკრაინიდან და ბალტიისპირეთიდან, ძირითადად, გუდაურის კურორტზე. ,,ბაკურიანსა და მესტიაში ტურისტებს, ძირითადად, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან ელოდებიან. ტურისტული სააგენტოს მიერ მარკეტინგული კამპანიები განხორციელდა მიზნობრივ ბაზრებზე - აზერბაიჯანში, ლატვიაში, ყაზახეთსა და ბელარუსში. ამ ქვეყნების წამყვანი ტურ-ოპერატორები მზად არიან, აქტიურად გაყიდონ ტურისტული პაკეტები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე", - ამბობს ჯაყელი.
ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში დასვენება, საოჯახო სექტორს თუ აირჩევს, ტურისტისთვის 25-40 ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. სასტუმროების შემთხვევაში, ფასები 25 დოლარიდან 160 დოლარამდე მერყეობს.
1388
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85