ვლადიმირ პუტინს, მისივე თქმით, თავისი პრეზიდენტობის დროს, ბოლო 15 წლის განმავლობაში, „გლობალური" ან „სტრატეგიული" შეცდომა არ დაუშვია. „მე არასდროს არ ვიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩემს მიერ გაუთვლელი შედეგები მოჰყვება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ამასწინათ საინფორმაციო სააგენტო „ტასს"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, - როცა რუსი გრძნობს, რომ იგი მართალია, ის უძლეველი ხდება".
შესაძლოა, ამით ბატონი პუტინი შეეცადა შიდა აუდიტორიის დამშვიდებას, რომელიც საკმაოდ ნერვიულობს დასავლური სანქციებისა და დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო. შესაძლოა, მას უკვე გათვლილი აქვს, რომ რუსეთი იოლად გადაიტანს ამ სირთულეებს და მეტი უარესი არაფერი მოხდება. კრემლი ისე იქცევა, თითქოს მას არც შეერთებული შტატებისა არ ეშინია და არც ევროკავშირისა: ორი კვირის წინათ მოსკოვმა თავხედურად გაგზავნა ჯარები და მძიმე ტექნიკა აღმოსავლეთ უკრაინაში ისე, რომ NATO-ს პროტესტებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მეტი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად შეტევისთვის ემზადებიან: ბატონ ვლადიმირ პუტინს, ალბათ, რუსეთსა და ყირიმს შორის მოქცეული ვიწრო მონაკვეთის გაკონტროლება სურს.
და ამ ფონზე გასულ კვირას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ განუცხადა უარი უკრაინის ხელმძღვანელებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და სხვა თავდაცვითი იარაღის მიწოდების თხოვნაზე, რათა მათ რუსეთის აგრესიის მოგერიების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ლექცია წაუკითხა ეკონომიკაში მკაცრ ეკონომიის გაწევისა და რეფორმების განხორციელების თემებზე.
ორშაბათს ბატონმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მარიონეტულ აფხაზეთთან, საქართველოს პროვინციასთან, რომელშიც რუსეთის ჯარები 2008 წელს შეიჭრნენ და დაიკავეს. მოსკოვის მცდელობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის) საერთაშორისო აღიარების მიზნით, წარუმატებელი გამოდგა, ამიტომაც ახლა კრემლმა მათი რუსეთის შემადგენლობაში მიღება განიზრახა. აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულება მოსკოვს უფლებას აძლევს, გააკონტროლოს სეპარატისტული პროვინციის შეიარაღებული ძალები, საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა, მოსახლეობას კი გამარტივებული წესით შეუძლია რუსეთის მოქალაქეობის მიღება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას, თუმცა, მასში არაფერია ნათქვამი სამომავლო სანქციებზე.
ფაქტობრივად, დასავლეთი, როგორც ჩანს, დაიღალა რუსეთთან დაპირისპირებით, ამ დროს კი ბატონი ვლადიმირ პუტინი თავის იმპერიალისტურ ამბიციებს აძლიერებს.
ავსტრალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით და ეს იმ მომენტში, როცა ცნობილი გახდა რუსეთის მიერ უკრაინასთან ზავის პირობების დარღვევა! ევროპის კავშირმა სიმბოლური ზომები მიიღო ამ დარღვევის საპასუხოდ - არასასურველი პირების „შავ სიას" მხოლოდ რამდენიმე რუსი მოქალაქე დაამატა.
„ჩვენს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმაოდ კარგად მუშაობს", - დაბეჯითებით აცხადებს ბარაკ ობამა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აშკარად არასაკმარისია, რათა ბატონმა პუტინმა უკრაინაში ჯარის გაგზავნა შეწყვიტოს, რათა აფხაზეთისგან განზე გადგეს ან თავისი თავი „უძლეველად" გამოაცხადოს.
http://www.washingtonpost.com/opinions/prove-to-mr-putin-that-he-is-not-invincible/2014/11/25/8198bd50-74d2-11e4-bd1b-03009bd3e984_story.html