პარლამენტი

პარლამენტი "აფხაზთა კრების" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვეს

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა "აფხაზთა კრების" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე რუსეთის ფერედაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციის პროექტი იხილება.

საკომიტეტო განხილვაში დეპუტატებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, აფხაზთა კრების წევრებიც მონაწილეობდნენ. მათ ის ფაქტი გააპროტესტეს, რომ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩართვის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

"აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, "აფხაზთა კრებამ" მოამზადა რეზოლუცია, გვსურდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები გამოგვეთქვა, რაც ვერ შევძელით. კომიტეტის სხდომაზე დეკორაციის მიზნით არ მოვსულვართ", - განუცხადა ჟურნალისტებს "აფხაზთა კრების" წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რეზოლუციის სამუშაო ვარიანტი მომზადებული აქვს უმრავლესობას. მისი წარდგენა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციის პროექტის განხილვის პარალელურად მოხდება.