მიმდინარე კვირას პარლამენტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ დოკუმენტს მიიღებს.
სესიაზე სავარაუდოდ, ორი ერთმანეთის ალტერნატიული პროექტი გავა, რომელთაგან ერთ-ერთის ავტორია საპარლამენტო უმცირესობა. მეორე პროექტის მომზადებას უმრავლესობა გეგმავს. ამ წუთებში პარლამენტის სამი კომიტეტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების მცდელობის შესახებ რეზოლუციის პროექტს იხილავს, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ავტორობით არის მომზადებული.
აღნიშნული პროექტით პარლამენტი საქართველოს მთავრობას სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმასთან ერთად ავალებს, შეუერთდეს უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს, ავალებს გააუქმოს კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი და მოახდინოს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების აღძვრის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციის პროექტი 9 პუნქტისგან შედგება. მას ამ წუთებში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი წარადგენს.
როგორც სხდომის დაწყებისას აღინიშნა, უმრავლესობა მოამზადებს პროექტის საკუთარ ვარიანტს, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება პარლამენტში ინიცირებული.