იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდარ შესაძლო წამების ფაქტს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, წამება დაუშვებელია და მნიშვნელოვანია საქმე დროულად იყოს გამოძიებული.
"დღეს არ არის ციხეში ის კულტურა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს, ადამიანის წამებისა და დამცირების. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ცალკეულ შემთხვევას და მნიშვნელოვანია სასწრაფოდ მოხდეს ფაქტის გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან. გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს არა მარტო იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით პატიმრის მიერ აკრძალული ნივთის შენახვას ჰქონდა ადგილი, არამედ იმაზეც, თუ როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაცია. ჩვენ ორჯერ დაგვსაჯა სტრასბურგის სასამართლომ ალიევისა და შამაევის საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს სანქციები ჰქონდა დაწესებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაში საქმე ორივე მხარის მიმართ უნდა იყოს გამოძიებული, რადგან პატიმარი არის ადამიანი, რომლის უფლებები ბოლომდე უნდა იყოს დაცული. მე ვერასოდეს გავხდები იმ ადამიანების მხარდამჭერი, ვინც თუნდაც თითით შეეხება პატიმარს. პატიმარს ჰყოფნის ის სასჯელი, რაც აქვს მისჯილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
იუსტიციის მინისტრმა დღეს წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, მომსახურების ცენტრი გახსნა.