კოლეგების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე დასმული ზოგიერთი შეკითხვა გამომწვევი იყო

კოლეგების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე დასმული ზოგიერთი შეკითხვა გამომწვევი იყო

ე.წ. გასაღების საკითხზე მომზადებული ერთ-ერთი კანონპროექტის ავტორის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, კოლეგების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე დასმული ზოგიერთი შეკითხვა გამომწვევი იყო.

”ზოგიერთი კითხვა იყო გამომწვევი. ისეთი, რომელსაც მე ჩემს კოლეგას არ ვაკადრებ. "ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად უნდა დავიცვათ კორექტულობის ნორმები", - განაცხადა ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე, სადაც ამ წუთებში აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მისივე განმარტებით, განსხვავებულ აზრს პატივს სცემს, მაგრამ ქვეტექსტებით იმაზე მინიშნება, რომ ვინმეზე ნაკლები პატრიოტია, მართებულად არ მიაჩნია. "იმის გამო, რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, მე ქვეტექსტურად რატომ უნდა მიმანიშნო, რომ ვარ იმაზე უარესი, ვიდრე შენ ხარ?", - აღნიშნა ფოფხაძემ.

ე.წ. გასაღების საკითხზე გედევან ფოფხაძის, ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. მომხსენებელი გედევან ფოფხაძე იყო.