თუ კანონპროექტის რომელიმე ნორმა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, მზად ვართ ისინი განვიხილოთ, - ამის შესახებ ე.წ. გასაღების საკითხზე მომზადებული ერთ-ერთი კანონპროექტის ავტორმა, ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება.
ბესელიას განმარტებით, მისი, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივით ის სტანდარტი, რაზეც მიმდინარე წლის აგვისტოში შეთანხმება უკვე შედგა, არ უარესდება.
"თუ რომელიმე ნორმა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას,მზად ვართ ის განვიხილოთ. მას შინაარსობრივად ჩავყვეთ. მზად ვართ ის ტექნიკურად ისე დავწეროთ, რომ იმპროვიზაციის საშუალებას არ იძლეოდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაუარესებთ იმას, რაც უკვე მივიღეთ და რაც აგვისტოში უკვე შევიმუშავეთ", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი ორ მთავარ ღირებულებას ეყრდნობა: ადამიანის უფლებათა სფეროში მოქცეულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს.
"ჩვენ რომანტიულ კანონებს ვერ მივიღებთ. ჩვენ ვართ ვალდებული შევიმუშაოთ არა რომანტიული და არა სურვილების კანონები, არამედ ისეთი, რომელიც დაიცავს ქვეყანას. ვინმემ მითხრას, ვის აქვს უფრო მაღალი ნდობა დღეს, ვიდრე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტს? იმიტომ, რომ ეს არის ახალშექმნილი ინსტიტუცია, რომლის შექმნაშიც ყველა უწყებამ მიიღო მონაწილეობა", - აღნიშნა ბესელიამ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ კანონპროექტში ორგასაღებიანი სისტემის შექმნაზე საუბარი არ არის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ერთი გასაღების ფლობა ნახსენები არ არის, ბესელია მათ საკანონმდებო ინიციატივის კარგად წაკითხვას ურჩევს.