თინა ხიდაშელი:     ჩვენ ვიცით, სადაც დაიწერა ეს კანონპროექტი

თინა ხიდაშელი: ჩვენ ვიცით, სადაც დაიწერა ეს კანონპროექტი

ჩვენ ვიცით, სადაც დაიწერა ეს კანონპროექტი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კოლეგა გედევან ფოფხაძეს, რომელიც დეპუტატებს ე.წ. გასაღების საკითხზე ეკა ბესელიასა და ირაკლი სესიაშვილთან ერთად მომზადებულ კანონპროექტს აცნობს.

თინა ხიდაშელმა კომიტეტის წევრთა შეკითხვებზე გედევან ფოფხაძის პასუხებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა და კანონპროექტის ავტორს შეეკამათა, რომ მის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაში ერთი ე.წ. გასაღების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადასვლაზე არაფერია ნათქვამი.

"ჩვენ კი ვიცით, სადაც დაიწერა ეს კანონპროექტი, მაგრამ თქვენ ხომ იბრალებთ, რომ ავტორები ხართ,. მაშინ გაგვეცით პასუხი: სად წერია, რომ ერთ-ერთი საკონტროლო გასაღები იქნება ინსპექტორის ხელში? სად წერია, რომ 2 საფეხურიანი სისტემა იქნება? კანონპროექტის მთელი იდეა სწორედ ეს არის, თუმცა არსად, არც ერთი სიტყვა ამის შესახებ კანონპროექტში ნათქვამი არ არის. მიგვითითეთ კონკრეტული მუხლები, ან მაშინ უნდა თქვათ, რომ შსს-მ დაგიწერათ, გნებავთ კონტრდაზვერვის სამსახურმა, მოგიტანათ და თქვენ ხელი მოაწერეთ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მარტივ კითხვებზე გაგვეცით პასუხი', - მიმართა თინა ხიდაშელმა გედევან ფოფხაძეს.