გამიკვირდა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმებას პრემიერ-მინისტრმა სამწუხარო ფაქტი უწოდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ეს შეფასება "ძალიან რბილი შეფასებაა იმისა, რაც მოხდა".
"მე ძალიან გამიკვირდა, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ლონდონში და მას არ ჰქონდა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ვფიქრობ, ეს შანსი უნდა ყოფილიყო გამოყენებული აუცილებლად ასეთ კრიტიკულ ვითარებაში. ასევე გამიკვირდა ისიც, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. ვფიქრობ, ეს ძალიან რბილი შეფასებაა, რადგანაც ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის კატასტროფული ვითარება. საქმე გვაქვს ფაქტობრივ ანექსიასთან", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს, რათა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმების გაფორმებას მოყვეს დიდი გამოხმაურება საერთაშორისო კუთხით.
"ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, რომ საქართველოს თემა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენეტიტეტი, ამ ე.წ. ხელშეკრულების არალეგიტიმურობა იყოს ერთ-ერთი წამყვანი თემა ევროკავშირისა და რუსეთის, ამერიკის შეეერთებულ შტატებისა და რუსეთის, სხვა ქვეყნების ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.