თინა ხიდაშელი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილს შეახსენებს, რომ პირადი ცხოვრება მხოლოდ ინტიმს და სექსს არ გულისხმობს

თინა ხიდაშელი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილს შეახსენებს, რომ პირადი ცხოვრება მხოლოდ ინტიმს და სექსს არ გულისხმობს

დეპუტატი თინა ხიდაშელი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის ავტორებს შეახსენებს, რომ პირადი ცხოვრება მხოლოდ ინტიმს და სექსს არ გულისხმობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხიდაშელმა კრიტიკა იმ ცვლილებებთან დაკავშირებითაც გამოხატა, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება გახმაურდეს და დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც პირის მაკომპრომეტირებელ ცნობებს შეიცავს.

მოქმედ კანონში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურებაზეა საუბარი, რაც მაკომპრემეტირებელი ინფორმაციით იცვლება.

ხიდაშელის შეფასებით, მაკომპრომეტირებელ მონაცემებზე მითითება კანონს ზოგად ხასიათს აძლევს და გაურკვეველი ხდება, რას ჩათვლის საგამოძიებო ორგანო მაკომპრომეტირებელ ინფორმაციად და რას – არა.

"საინტერესოა, როგორ განისაზღვრება, თუ რა არის მაკომპრომეტირებელი მონაცემები. მაგალითად - თუკი პირს სექსულაური კავშირი აქვს მეუღლესთან, ეს არამაკომპრომეტირებელ ინფორმაციად ჩაითვლება და მას არ გაანადგურებენ. ხოლო თუ კავშირი აქვს საყვარელთან, ეს იქნება მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია"?! – იკითხა თინა ხიდაშელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრება მოიცავს ისეთ საკითხსაც, როგორიც არის მაგალითად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ხიდაშელმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგად ახსოვს, როგორ ეამაყებოდა საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთ ავტორ ეკა ბესელიას, როცა "ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდა და ჩანაწერი "მაკომპრომეტირებელი ცნობების შესახებ", პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემებით შეიცვალა.