საქართველო „აეროფლოტის“ თვითმფრინავებს არ იღებს. „ჯორჯიან ეარვეისმა“ კონკურენტი დემპინგურ ფასებში დაადანაშაულა

საქართველო „აეროფლოტის“ თვითმფრინავებს არ იღებს. „ჯორჯიან ეარვეისმა“ კონკურენტი დემპინგურ ფასებში დაადანაშაულა

რუსეთსა და საქართველოს შორის ექვსი წლის წინათ შეწყვეტილი და სულ რამდენიმე კვირის წინ განახლებული ავიამიმოსვლა სკანდალში გაეხვია: ქართულმა უმსხვილესმა ავაიაგადამყვანმა კომპანიამ „ჯორჯიან ეარვეისმა" თავისი რუსი კოლეგა „აეროფლოტი" მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე შემოღებული დემპინგური (ხელოვნურად გაიაფებული) ფასების გამო დაადანაშაულა. ქართველების პრეტენზიები ეხება აგრეთვე ავიაკომპანია „ტრანსაეროსაც", რომელმაც უკვე ისე დაიწყო ბილეთების გაყიდვა თბილისის მიმართულებით, რომ ქართული მხარისაგან ნებართვა არ მიუღია. „აეროფლოტში" ირწმუნებიან, რომ კონფლიქტი უკვე ამოწურულია, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისი" ამას არ ადასტურებს. „კომერსანტის" მონაცემებით, არის საშიშროება იმისა, რომ „აეროფლოტის" რეისების რაოდენობა მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე შეიძლება შემცირდეს.

როგორც „კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი, უკანასკნელ დღეებში „ჯორჯიან ეარვეისის" ბილეთი თბილისიდან მოსკოვში და პირიქით ღირდა 14,5 ათასი რუბლი, „აეროფლოტისა" კი - 9 ათასი. ქართული კომპანიის ტოპ-მენეჯერის იასე ზაუტაშვილის განცხადებით, „აეროფლოტის" მოქმედების შედეგად 10 ნოემბრიდან „ჯორჯიან ეარვეისის" რეისებზე მგზავრთა რაოდენობა 60-70%-მდე შემცირდა.


რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს შეწყდა, ორმხრივი ურთიერთობის გამწვავების გამო. 2008 წელს ფრენები აღდგა გარკვეული დროის მანძილზე, მაგრამ ისევ შეწყდა სამხრეთ ოსეთის მოვლენების („ხუთდღიანი ომის") გამო. 2010 წელს ავიაკომპანია „სიბირმა" და „ურალსკიე ავიალინიიმ" ჩარტერული რეისები განაახლეს. რეგულარული ფრენების შესახებ გადაწყვეტილება ორივე მხარემ სექტემბრის შუახანებში მიიღო, 26 ოქტომბერს კი „აეროფლოტის" სამგზავრო თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი რეისი განახორციელა.

„ჯორჯიან ეარვეისი" ითხოვს, რომ ადგილობრივმა ავიახელისუფლებამ ყველა ავიაკომპანია, მათ შორის უცხოურიც, თანაბარ პირობებში ჩააყენოს: კვირაში შვიდი რეისის განხორციელება ქართული ავიაკომპანიის მიერ და ამდენივე  რუსული ავიაკომპანიების მხრიდან, ერთად აღებული (ანუ ამ ფორმულით, რუსულ ავიაკომპანიებს თითოეულს კვირაში მხოლოდ თითო რეისის განხორციელება მოუწევს!). საქმე კიდევ იმაშიცაა, რომ ოქტომბრის თვეში მიღებული ოქმის თანახმად, რუსეთის უწყებათაშორისო კომისიამ მხოლოდ „აეროფლოტს" დართო ნება გაზარდოს ყოველკვირეული რეისების რაოდენობა 7-დან 14-მდე, დანარჩენებს კი - „კოგალიმავიას", „იაკუტიას", „იამალს" და „სევერნიი ვეტერს"  -  შვიდი რეისი კვირის განმავლობაში.

„როსავიაცია"-ში განმარტეს, რომ ბოლო შეთანხმების მიხედვით, მოსკოვ-თბილისის მიმართულებით რაიმე რაოდენობრივი შეზღუდვა აღარ არსებობს. კერძოდ, 21 დეკემბრიდან „ტრანსაეროს" თვითმფრინავები თბილისში კვირაში ოთხჯერ გაფრინდებიან, ბილეთების გაყიდვა დაიწყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ კომპანიას ნებართვა ქართული მხარისაგან ჯერაც არ მიუღია. „კომერსანტი" შეეცადა „ტრანსაეროსთან" დაკავშირებას, მაგრამ კომპანია არ პასუხობდა. გასულ კვირას ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, თითქოსდა „ტრანსაერომ" უკვე მოახერხა ყველა დოკუმენტის გაფორმება ფრენების მიზნით, თბილისის აეროპორტში სლოტიც (ფრენის დრო) კი მიუღია.

როგორც ანალიტიკური სამსახურის „ავიაპორტის" ექსპერტი ოლეგ პანტელეევი ამბობს, რიგი ქვეყნები, რომელთა შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ტურიზმისაგან ყალიბდება, არცთუ ისე იშვიათად უცხოურ ავიაკომპანიებს პრეფერენციებს აძლევს და ამ დროს ხშირად ეროვნული ავიაგადამყვანების ინტერესებს მხედველობაში არ იღებს. მას ეთანხმება ბატონი იასე ზაუტაშვილიც: „დღეს საქართველოში უცხოურ ავიაკომპანიებს ნება აქვთ მიცემული, ფრენები განუსაზღვრელად განახორციელონ და, ცხადია, ასეთ სიტუაციაში ადგილობრივებს თავიანთი ნიში აღარ რჩებათ".

„კომერსანტის" ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „აეროფლოტს" თბილისში ყოველდღიური რეისების განხორციელების ნებართვის ვადა 25 ნოემბერს ეწურება და, შესაბამისად, „ჯორჯიან ეარვეისმა" შეიძლება სამომავლოდ რუსული კომპანიის რეისების მინიმუმამდე შემცირება მოითხოვოს - კვირაში სამი რეისი, თანაც ჩარტერულ საფუძველზე. ასეთ სიტუაციაში სხვა რუსული ავიაკომპანიების ფრენები „პრობლემატური" ხდება.

როგორც „კომერსანტს" „აეროფლოტში" განუცხადეს, გუშინ, ორშაბათს, მათ „ჯორჯიან ეარვეისთან" ხელი მოუწერიათ ოქმისათვის, რომლის თანახმად „ბილეთების ფასების პირობები შეთანხმებულია", მაგრამ თბილისი ამას არ ადასტურებს - რა ოქმი, რის ოქმი, მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდებაო.