შალვა შავგულიძე:   ეს უკან გადადგმული ნაბიჯი და ძველი ნორმისკენ დაბრუნებაა

შალვა შავგულიძე: ეს უკან გადადგმული ნაბიჯი და ძველი ნორმისკენ დაბრუნებაა

საგამოძიებო ორგანოს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურების ნაცვლად, ე.წ. მაკომპრომეტირებელი მასალების განადგურება მოეთხოვება. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ცვლილებები "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონშიც შედის, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურების ვალდებულება, ე.წ. მაკომპრომეტირებელი ცნობების შემცველი ინფორმაციის განადგურების ვალდებულებით იცვლება.

როგორც დეპუტატი შალვა შავგულიძე განმარტავს, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი და ძველი ნორმისკენ დაბრუნებაა.

"თავის დროზე, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დაუყოვნებლივ განადგურებას დაქვემდებარებოდა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც პირის პირად ცხოვრებას ასახავდა და ეს სათანადოდ ყოფილიყო კანონში ასახული, რაც გასული წლის ცვლილბებით განხორციელდა. მაგალითად, ასეთია პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტით შემოთავაზებული ცვლილებებით კი, დაუყოვნებლივ განადგურებას დაექვემდებარება ინფორმაცია, რომელიც პირის მაკომპრომეტირებელ ცნობებს შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საგამოძიებო ორგანო ჩათვლის, რომ პირს, მისივე შეფასებით, აქვს მაგალითად ჯანსაღი სექსუალური აქტი, ეს არ არის მაკომპრომეტირებელი და ის შეინახოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შალვა შავგულიძემ.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებდა, რომ დაუყონებლივ განადგურებას ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია უნდა დაქვემდებარებოდა, რაც კანონში სათანადიდ უნდა ასახულიყო.