გრიფი

გრიფი "საიდუმლო" თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმის მხოლოდ 7 პროცენტს არ მოეხსნა

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირების საქმეზე გრიფი საიდუმლო არ მოეხსნა მასალების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლებიც არ შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შსს-ს კონტრადაზვერვის დეპარტამენტმა, როგორც ერთადერთმა კომპეტენტურმა ორგანომ, საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის მიმართვის შემდეგ შეისწავლა აღნიშნული მასალები და საქმის დანარჩენ ნაწილზე გრიფის მოხსნა დასაშვებად მიიჩნია.

კაციტაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეს მხოლოდ იმიტომ ჰქონდა მინიჭებული საიდუმლო გრიფი, რომ საქმე ეხებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვას. შესაბამისად, ყველა დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებული იყო ამ შესყიდვასთან, თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ ჰქონდა მინიჭებული საიდუმლო "გრიფი".

"პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან საიდუმლო "გრიფის" მოხსნის საკითხის დაყენებისთანავე, აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომა მიიღო, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხსნოდა საიდუმლო გრიფი ხსენებულ საქმეში არსებულ თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მისი თქმით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე პროკურატურის, თავადცვის სამინისტროსა და კონტრადზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაოების შედეგად, მოხდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული საიდუმლო და არასაიდუმლო მასალების ერთამენთისგან გამიჯვნა და ყველა სახელმწიფო უწყებამ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოხსნა მის მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას "გრიფი".

"ეს მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა დაცვის მხარეს. საიდუმლოდ დარჩენილი სისხლის სამართლის საქმის მცირე ნაწილი კი, დადგენილი წესით, გაეცნობა მხარეებს, სატანადო პროცედურების დაცვით. შემდგომი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, რასაც ბოლო პერიოდში მრავლად ჰქონდა ადგილი, ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საიდუმლო "გრიფი" თავადცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ მოეხსნა საქმის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც შეეხება საქართველოს სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროცენტულად "გრიფი" არ მოხსნია მთლიანი სიხსლის სამართლის საქმის მხოლოდ 7%-ს, რისი გაცნობის შესაძლებობაც კანონის ფარგლებში ექნება დაცვის მხარეს", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მისი თქმით საქმეზე გამოძიება გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს "სილქნეტის" სასარგებლოს სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლაგვა ედება ბრალად.