არჩევნების წინ მერიის თანამშრომლებს ხელფასს 100-200 ლარით უზრდიან

არჩევნების წინ მერიის თანამშრომლებს ხელფასს 100-200 ლარით უზრდიან


იანვრიდან თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებულები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 100-200 ლარით ხელფასი ყველას მოემატება, გარდა მაღალი თანამდებობის პირებისა.

ხელფასების მატებას დადებითად აფასებენ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები. თუმცა, თვლიან, რომ 2011 წელს მერიის სტრუქტურებიდან გათავისუფლებული ადამიანების ფონზე, დღეს თანამდებობრივი სარგოების გაზრდა პირდაპირ 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით (#12/52), 2012 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა თბილისის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები. სარგოები გაიზარდა 100-დან 200 ლარამდე ფარგლებში და ცვლილება შეეხო მხოლოდ თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობების ქვედა რგოლის თანამდებობებს, დაწყებული დამხმარე მოსამსახურიდან, განყოფილების უფროსების, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილისა და რაიონის გამგეობის აპარატის უფროსის ჩათვლით. 
ზემდგომი საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები უცვლელი დარჩა და არ გაზრდილა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 2012 წლის თბილისის ბიუჯეტში გაიზარდა სახელფასო ფონდიც. დედაქალაქის 648 მილიონიან ბიუჯეტში 26 175 700 ლარი ხელფასებზე მოდის, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის 3 მილიონით აღემატება. 2011 წელს თბილისის ბიუჯეტიდან ხელფასებზე 23 250 000 ლარი დაიხარჯა.
ის, რომ ხელფასები გაეზრდებოდათ, მერიის სტრუქტურებში დასაქმებულებმა საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე იცოდნენ.

"ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გვითხრეს, რომ მომავალი წლიდან ხელფასი აუცილებლად მოგვემატება, სადღაც 150 ლარის ფარგლებში. ანუ, თუ აქამდე ვინმე იღებდა 600 ლარს, იანვრიდან უკვე 750 ლარს აიღებდა - ზოგი უფრო მეტს, ზოგიც კი ცოტა ნაკლებს. წელს კი, როცა სამსახურში გავედით, გვითხრეს, რომ თვის ბოლოს მომატებული ხელფასი ჩაგვერიცხება", - განუცხადა "მთელ კვირას" მერიის ერთ-ერთ სტრუქტურაში დასაქმებულმა პირმა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

სახელფასო ფონდის გაზრდას დადებითად აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქდმ"-ს წევრი ზაზა გაბუნია, თუმცა მიაჩნია, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც დედაქალაქის ხელისუფლებამ გასულ წელს მიიღო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

"თბილისის მერიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მთლიანად 2012 წელს, ანუ საარჩევნო წელს უკავშირდება. მთელი ის "საქველმოქმედო საგა" სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქეების ჯიბიდან მარჯვენა ხელით ფულის ამოღება. ვგულისხმობ მთელ რიგ გადაწყვეტილებებს კომუნალურ, სამგზავრო სფეროში ტარიფების გაძვირების, უცნაურად დაანგარიშებისა და მეორეს მხრივ, მარცხენა ხელით მეორე ჯიბეში ჩადებას ე.წ. იაფი ბაზრებითა და სამგზავრო სუბსიდიებით. 

"სინამდვილეში კი, ამ გადაწყვეტილებებით ისეთი როდენობის ფულის კონცენტრირება მოხდა ხელისუფლების ყულაბაში, რომ "იაფი ბაზრების" აქცია არის ყველაზე ძუნწი ფორმა, რითიც შეიძლებოდა მოქალაქეებისათვის მერიას დახმარება აღმოეჩინა.

"ის, რომ საარჩევნო წელს უკავშირდება მერიის გადაწყვეტილებები, ჩანს თავად 2012 წლის თბილისის ბიუჯეტში, რომელსაც არასახალხო ბიუჯეტი ვუწოდეთ, რადგან მასში პრინციპში იგნორირებულია მოქალაქეების ძირეული სოციალური ინტერესები, მათ შორის ჯანდაცვის საკითხები და დიდი ფულადი რესურსი "გადასროლილია" პუნქტში სახელწოდებით "სხვა ხარჯები". ანუ, ეს სწორედ ის ფულადი საბადოა, საიდანაც უპრობლემოდ ამოქაჩავს ხელისუფლება ბიუჯეტიდან ფულს საარჩევნოდ.

"ამასთან ერთად, გაიზარდა დაფინანსება ამხანაგობების, შეგახსენებთ ეს ის სეგმენტია და რესურსია, რომელზე დაყრდნობით მოქმედი ხელისუფლება დიდწილად განაპირობებს არჩევნების შედეგებს. ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ აუცილებლად მერიის თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდის საკითხი. მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი ცალსახად ვართ მომხრე, რომ მოქალაქეებმა აიღონ მეტი რაოდენობის ფული გაწეული სამსახურისათვის ანუ ხელფასები იყოს უფრო მაღალი", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში ზაზა გაბუნია.
აქვე გაბუნია 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქის მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ მაშინ მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მხოლოდ და მხოლოდ "საარჩევნო კალენდარს" შეეწირნენ.

"რატომ ხდება ყველაფერი შერჩევით და კალენდრის მიხედვით?! ვგულისხმობ იმას, რომ 2010 წლის ჩავლილი არჩევნების შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლდა რამდენიმე ასეული საკრებულოს, მერიის და გამგეობების თანამშრომელი. რატომ? იმიტომ, რომ საარჩევნო წელი აღარ იყო და ამდენი ადამიანის შენახვა მათთვის ტვირთი გახდა. ახლა კი იცვლება პოლიტიკა სწორედაც იმიტომ, რომ არჩევნების წელია. მაშინ რა დააშავა იმ ხალხმა, რომელიც სახლში უმუშევრის სტატუსით ზის და მხოლოდ პოლიტიკურ ანუ საარჩევნო კალენდარს შეეწირა?!

"ასე რომ, ხელისუფლება მოქმედებს ვიწრო პარტიული გეგმის მიხედვით, რასაც ეწირება ოჯახების ბიუჯეტის დიდი ნაწილი, მოქალაქეების დასაქმების ადგილები და შესაბამისად მყიფე ხდება თავად გარანტირებული სამუშაო ადგილების და სტაბილური შემოსავლის წყაროს დეფინიცია და გაგება", - დასძინა გაბუნიამ.

საბიუჯეტო სექტორში, ამ შემთხვევაში კი მერიის სტრქტურებში დასაქმებულებისთვის ხელფასის ზრდას არჩევნებს უკავშირებს საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძეც.

"ჩვენი პოზიციაა, რომ ბიუროკრატიაზე დიდი ფული არ უნდა იხარჯებოდეს. ამაზე ადრე თავად სააკაშვილიც საუბრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტყვას არც ამჯერად ასრულებს. მერიაში თუ ხელფასი ქვედა დონის თანამშრომლებისთვის გაიზრდება, კარგია და ჩვენ ამას მივესალმებით. მაგრამ აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება. ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი ადმინისტრაციული რესურსი საკუთარი შესაძლებლობების გასამყარებლად გამოიყენოს, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მთავრობა ამით ცდილობს, რომ ვიღაცას ხელფასი მოუმატოს და ამით მყარი მხარდაჭერა მიიღოს.

"ყველა ადამიანი, ვინც დღეს საჯარო სამსახურში მუშაობს, ხელისუფლების ცვლილება მათ სამსახურეობრივ ცვლილებას არ შეეხება. ხელფასის მომატებით მათ არ უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, რომ არჩევნებზე მხარი მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობას, ან შემდგომ იმ პარტიას დაუჭირონ, რომელიც ხელისუფლებაში იქნება. ასეთი რამ არც დღეს უნდა მოხდეს და არც მომავალში", - დასძინა აბაშიძემ.