ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების წესი განსაზღვრული არ არის

ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების წესი განსაზღვრული არ არის

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის არც ერთ ნაწილში არ იკითხება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ფარულ მოსმენას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გარეშე ვერ განახორციელებს.

ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომლის თქმითაც, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტით ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების წესი განსაზღვრული არ არის.

როგორც დეპუტატმა განმარტა, კანონპროექტების ძირითად ნაწილში, გარდა ტერმინოლოგიური განმარტებებისა, არსად არ წერია, რომ საგამოძიებო ორგანო ე.წ. გასაღების გადატრიალებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გარეშე ვერ შეძლებს.

ხიდაშელის თქმით, პროექტში საერთოდ არ არის ასახული ორგასაღებიანი სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხკები.

ხიდაშელმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინება ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორის დადგენილება ინსპექტორს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.

დეპუტატი დაინტერესდა, რა ხდება 24 საათის განმავლობაში, რთავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანო პირს ფარულ მოსმენაზე.

საკითხზე მომხსენებელმა გედევან ფოფხაძემ. ფოფხაძის თქმით, მისი თანაავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მთავარი სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსმენა ინსპექტორის გარეშე ვერ განახორციელოს და ორი გასაღების პრინციპმა იმოქმედოს.

ფოფხაძის თქმით, თუ ეს წარმოდგენილ პროექტში კარგად არ იკვეთება, ადგილი აქვს ტექსტუალურ ხარვეზს, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.