ადვოკატები იმედოვნებენ, რომ საქმის ნაწილს გრიფი ფორმალურად არ მოხსნია

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ საქმის ნაწილს გრიფი ფორმალურად არ მოხსნია

ადვოკატი ლევან სამუშიას იმედოვნებს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის ნაწილს გრიფი ფორმალურად არ მოხსნია და მათ მასალების გაცნობის საშუალება ექნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა,  ლევან სამუშიამ განუცხადა, მას უკვე დაუკავშირდა საქმის პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი და მასალების ნაწილზე განსაიდუმლოების შესახებ აცნობა.

სამუშიას თქმით, ადვოკატები მასალების წამოსაღებად დღესვე მივლენ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.