"იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება მზადდებოდა, რამდენიმე თვით ადრე ვიცოდით"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თუ ამის შესახებ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა არ იცოდა, მისი ბრალია.

მაია ფანჯიკიძემ "პირველ პრესკლუბში" პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების არსებობის შესახებ ზურაბ აბაშიძემ მაშინ შეიტყო, როდესაც ამის თაობაზე ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

"ამ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვეა, ცნობილია. მისი ტექსტი აფხაზურ საიტებზე გამოქვეყნდა და საქართველოს ხელისუფლებამ ის ანალიზისათვის 12-13 ოქტომბერს მიიღო. იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება მზადდებოდა, რამდენიმე თვით ადრე ვიცოდით. თუ ეს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ეს არ იცოდა, მისი ბრალია", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება  შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებას, რომ ანექსიისგან ჯერ შორს ვართ, ფანჯიკიძის შეფასებით, ამაზე მეტი ანექსია წარმოუდგენელია, რადგანაც ეს ხელშეკრულება არის ყოვლისმომცველი და ის ფაქტი, რომ მას აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფითად შეხვდნენ, მოწმობს, რომ ეს არის ძალიან სერიოზულად მისაღები ნაბიჯი და საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსია.    

"ის, რომ ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა, რადგანაც ის სამართლებრივ სუბიექტთან დადებული არ არის, არ ცვლის დე ფაქტო საქმის ვითარებას. ასე რომ, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ნებისმიერი სახის რიტორიკა, რომელიც შერბილებისკენ მიდის, ამ შემთხვევაში, არასწორია",-განაცხადა ფანჯიკიძემ.