ბოკერია-ალასანიას შეხვედრა უკვე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა. კანადაში, ჰალიფაქსის 2014 წლის უსაფრთხოების ფორუმში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გარდა, ეკა ტყეშელაშვილი, გიგა ბოკერია და დათო სიხარულიძეც მონაწილეობდნენ. ჰალიფაქსის უსაფრთხოების მეექვსე ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი მიმდინარე წლის ნოემბერში კანადაში გაიმართება. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე ყოფილი მინისტრი სიტყვით გამოვიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მსგავს ფორუმებს მათი პოლიტიკური ძალა არასოდეს გამოტოვებს და ყოველთვის გამოიყენებს.
„არავითარი საერთო ვიზიტი არ არის. ასე ძალიან ხშირად ემთხვევა ხოლმე, ჩემს შემთხვევაშიც არის ხოლმე დამთხვევები, ეს იქნება საპარლამენტო ასამბლეა თუ უსაფრთხოების ფორუმი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ვიზიტებისას, იქ არიან ხოლმე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ნაციონალები და ჩვენ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მათთან არანაირ კოალიციურ ურთიერთობას არ ვაპირებთ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ ამის შესახებ. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ ამდენი წლის განმავლობაში ტყუილად ნამდვილად არ გვიბრძოლია. ეს არ არის დამთხვევა, უბრალოდ, დაპატიჟეს ბოკერია, ასევე დაპატიჟეს ირაკლი ალასანია და კიდევ ბევრი სხვა. ჩვენ ნებისმიერ ფორუმს აუცილებლად გამოვიყენებთ. „თავისუფალ დემოკრატებს" რა ნაბიჯებიც გადაუდგამთ დაარსების დღიდან, საზოგადოებისთვის ნათელია და იგივენაირად ნახავს საზოგადოება, რა ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალშიც. ჩვენ არასახელმწიფოებრივ ნაბიჯს არასოდეს გადავდგამთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყოს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.