მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევნია, საკუთარ პრემიებსა და დანამატებს გადახედოს.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მინისტრების სახელფასო დანამატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მისი მინისტრობის დროს ხელფასსა და სახელფასო დანამატს პრემიერ-მინისტრის ბრძანებულების შესაბამისად იღებდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევნია, ინფორმაცია იმ პრემიებზე გაავრცელოს, რომელსაც ისინი იღებდნენ და შეადაროს იმ ხელფასს, რომელიც ამჟამინდელ მინისტრებს აქვთ. მინისტრობის დროს ჩემი ხელფასი 5000 ლარს შეადგენდა და ეს იყო პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით დანიშნული ხელფასი, პლიუს დანამატი. ავიღე ის პრემია, რაც იყო პრემიერის ბრძანებულებით. სახელფასო დანამატსა და პრემიას შორის განსხვავება არის. დანამატი არის ყოველთვიური და კიდევ ერთხელ ვამბობ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით რეგულირდება. რაც შეეხება საკითხს, რამდენად ადეკვატურია 5000-ლარიანი ხელფასი, ვფიქრობ, იმ დიდი პასუხისმგებლობის და დაძაბული მუშაობის ფონზე, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ, 5000 ლარი არ არის ძალიან დიდი ხელფასი. ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საკუთარ დანამატებსა და პრემიებს გადახედოს“, - განაცხადა მან.
ფანჯიკიძის თქმით, მას მახსოვს შემთხვევები, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ზოგიერთი მინისტრი ყოველთვიურად იმ ოდენობის პრემიას იღებდა, რა თანხასაც დღევანდელი მინისტრის მთელი წლის სახელფასო დანამატი არ შეადგენს.
შეგახსენებთ, მაღალი თანამდებობის პირების პრემიებისა სახელფასო დანამატების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს. მორიგი ასეთი ინფორმაცია პარტიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.