"კარასინი-აბაშიძის ფორმატი უნდა გადაიხედოს"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე კატეგორიულად არ ამბობს, რომ ფორმატი უნდა გაუქმდეს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების შიგნით კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

როგორც ფანჯიკიძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, უნდა დადგინდეს, არის თუ არა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი  ფორმატის განხორციელება და თუ არის, როგორ შეიძლება აისახოს მიმდინარე მოვლენები აღნიშნულ ფორმატზე.

მისი თქმით, ე.წ. ხელშეკრულების საკითხი ეუთო-ს მინისტერიალზე უნდა დაისვას, რომელიც დეკემბერში შვეიცარიაში გაიმართება. გარდა ამისა, ფანჯიკიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან და ჟენევის თანათავმდჯომარეებთან კონსულტაციები უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა იყოს საკითხი განხილული იმის შესახებ, რამდენად არის შესაძლებლობა, რომ გაიმართოს ჟენევის მოპალარაკებების რიგგარეშე სხდომა.

"ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია იყოს კონსოლიდირებული და ე.წ. ხელშეკრულება აბსოლუტურად ყველა დონეზე იყოს დაგმობილი",- განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული ვართ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით, ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე და ეს ასე იქნება, თუ ხელისუფლება რაიმე კომპრომისზე წავა და სათანადო რეაგირებას არ მოახდენს.