ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობა ბუნებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში , ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ სამიტზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქალისა და მამაკაცის ცხოვრების სტილი ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მათი აღნაგობა.
"ორსული ქალი იმავე პირობებში ვერ იმუშავებს, როგორც მამაკაცი. მეძუძური დედა მამაკაცის თანასწორი ვერ იქნება. ქალს ვერ აიძულებთ იმ ყველაფრის გაკეთებას, რასაც მამაკაცი აკეთებს, როგორც ეს კომუნისტური რეჟიმის პერიოდში იყო. ჩვენმა რელიგიამ განსაზღვრა ქალის დანიშნულება - ის დედა უნდა გახდეს. ამას ვერ ავუხსნით ფემინისტებს, რადგან ისინი უარყოფენ დედობის იდეას", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა სამიტზე, რომელსაც მისი ქალიშვილიც ესწრებოდა.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა არა ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობაზე საუბარი, არამედ მათ შორის ექვივალენტურობაზე.
"ქალებს არ სჭირდებათ თანასწორობა, მათ სჭირდებათ რომ მამაკაცის თანაბრად სცენ პატივი", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.