ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ფრაქცია

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გრძელდება

ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენლებს შორის სამუშაო კონსულტაციები გრძელდება. ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის კაბინეტში დეპუტატები თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი იმყოფებიან. შეხვედრაში მონაწილეობს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე.

სავარაუდოდ, განხილვის საგანი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხებია.

დღეს პარლამენტი ორი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. ერთის ავტორი ვახტანგ ხმალაძეა, ხოლო მეორე ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნით.

დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

რაც შეეხება დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტს, ამ პროექტის თანახმად, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის.