შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ აფხაზეთთან მიმართებაში გუშინ გადადგმული ნაბიჯი არსებითად არ განსხვავდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯებისგან.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველაზე მძიმე ცვლილებები 2008 წელს განხორციელდა, გუშინ გაფორმებული "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ ე.წ. ხელშეკრულება კი, სწორედ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს.
"რუსეთსა და აფხაზურ მხარეს შორის გუშინ ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით უკანონოა და არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ის არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ლეგიტიმური დოკუმენტი. რაც შეეხება რუსეთის ქმედებას, როგორც პოლიტიკურ ქმედებას, ეს არის საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადმული მორიგი ნაბიჯი, სადაც პირველად გამოჩნდა, რომ რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გარდა ემოციებისა და პანიკური განწყობისა, საჭიროა, ამას შევხედოთ გონივრულად და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი ნაბიჯი არსებითად არ განსხვავდება ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯებისგან. ყველაზე მძიმე ცვლილებები მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როცა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ რუსეთს საშუალება მისცა, განეხორციელებინა საომარი მოქმედებები, მოეხდინა ტერიტორიების ჯერ ოკუპაცია, შემდეგ აღიარება და მათსავე ტერიტორიაზე უკანონო ხელშეკრულებების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულებები თავისი სტატუსით უფრო მაღალია, ვიდრე გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტი. რუსეთსა და აფხაზურ მხარეს შორის, 2008 წლის 17 სექტემებს გაფორმებული ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, უკანონოა, მაგრამ გუშინდელი ხელშეკრულება სწორედ ამ შეთანხმებიდან გამოდის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტი იყოს ლეგიტიმური, რადგან მისი წარმომშობი ხელშეკრულება ყველას მიერ უკანონოდაა აღიარებული. შესაბამისად, დღეს მის ტექსტში ჩაღმავებას აზრი არ აქვს, რადგან უკანონოა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მოსკოვმა სოხუმთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ აფხაზეთის დაკარგვის საფრთხე დაინახა.
"რატომ გააკეთა რუსეთმა დღეს ეს? – იმიტომ, რომ აშკარად ხედავს, კარგავს აფხაზეთს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნა რა შანსი აფხაზებისთვისაც, მოახდინოს დისტანცირება რუსეთისგან და შეიქმნას გარკვეული ევროპული ორიენტაცია, პერსპექტივა. სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა პანიკური ქცევა და გახადა აფხაზური მხარე იძულებული, ეჭვქვეშ დაეყენებინა მის მიერ მიღწეული და რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ, არა თუ არ უნდა შევაჩეროთ და შევაყოვნოთ ჩვენი ინტეგრაცია ევროპისკენ, არამედ კიდევ მეტად დავაჩქაროთ და მეტი ინტენსივობით მოვახდინოთ ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ამ ფონზე უნდა გადავარჩინოთ როგორც მთელი საქართველო, ისე საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად აფხაზები, ეთნიკურად ოსები", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.