"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა ის ვითარებაა, რომელიც აფხაზეთის გარშემოა შექმნილი.
"მთავარი თემა არის ასევე ის რეზოლუცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში. ამ კვირაში უნდა იყოს განხილვა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობა უნდა იყოს გაცილებით პრინციპული და ეფექტური, თუმცა მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ დაგვიანებულიც არის", - განაცხადა წერეთელმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, თვეების განმავლობაში იყო საუბარი ანექსიის საფრთხეზე.
"სამწუხაროდ არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ იყო ხელისუფლების და მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავიყოლიოთ მთავრობა, რომ გამოგვყვნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამ რეზოლუციაში. გამოყენებული უნდა იყოს ყველა ბერკეტი, უნდა შეჩერდეს და გაიყინოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ჩვენ მთავრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ ანექსიას არ შევეგუებით", - განაცხადა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას, რომლითაც ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შეთავაზების მიღებას აპირებენ.
"პრეზიდენტის შეთავაზება მნიშვნელოვანია, თუმცა საკმაოდ დაგვიანებული. ჩვენ ყველასთან ვისაუბრებთ, რომ რამენაირად შევაჩეროთ ქვეყნისთვის ასეთი საზიანო პროცესი", - განაცხადა ბოკუჩავამ.