საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში შემავალი 7 ფრაქციიდან 6 ფრაქცია ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო პაკეტს მისცემს ხმას.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს მხარს დაუჭერენ "კონსერვატორები", "ეროვნული ფორუმი", "მრეწეველები". ასევე აღნიშნულ პაკეტს მხარს უჭერს უმრავლესობის ყველაზე დიდი ფრაქცია "ქართული ოცნება" და ასევე უმრავლესობაში ახლად გაერთიანებული მაჟორიტარი დეპუტატების ორი ფრაქცია.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული ფრაქციებიდან ცალკეული წევრები ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის მხარდაჭერისგან თავს შეიკავებენ. კერძოდ, აღნიშნულ საკითხს ხმას არ მისცემს "ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე, ასევე არსებული ინფორმაციით, ბესელია-ფოფხაძის პროექტს არ იზიარებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თამარ კორძაია.
უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია "რესპუბლიკელები" დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის საკონონმდებლო პაკეტს უჭერს მხარს.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი ცვლილებების განხორციელებას 7 კანონში ითვალისწინებს. მათ მიერ წარდგენილი ინიციატივის თანახმად, ფარულ მოსმენებზე გასაღების ქონასთან დაკავშირებით შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა. აქედან ერთი გასაღები ექნება შს სამინისტროს, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.