სემინარი სახელწოდებით „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა არაპირდაპირი დაკითხვა და ეჭვმიტანილების დაკითხვა“ შსს-ს აკადემიაში მიმდინარეობს.
როგორც ლევან იზორიამ სემინარის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გენდერული ძალადობის პრევენციას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება.
„დღეს, როცა საერთაშორისო კამპანია იწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვატარებთ სემინარს, სადაც ჩართულები არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შსს-დან, ფინანსური პოლიციიდან, პროკურატურიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. დღევანდელი სემინარის თემა არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლის გამოკითხვის წესი, ასევე ბრალდებულის გამოკითხვის წესი“, - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული მომზადების კურსი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომავალშიც გაგრძელდება.
„წელს დაახლოებით 600-მდე პოლიციელი გადამზადდა ოჯახური ძალადობის პრევენციის კუთხით და ჩვენ ამ ღონისძიებას, რომელიც მიმართული იქნება პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, კონკრეტულად კი ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ, მომავალშიც ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა იზორიამ.
სემინარის დაწყებამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა.
„მსურს შსს-ს მივულოცო ჩვენთან თანამშრომლობა და ის დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც გენდერის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ხდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და ეს პრობლემა გახლავთ - პრობლემა მრავალი ქვეყნისთვის“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
სემინარი ლევან იზორიამ, რიჩარდ ნორლანდმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა ოფიციალურად გახსნეს.