გიორგი გირკელიძე, "გურიანიუსი"
თუ ძველ ადათ-წესებზე, რიტუალებსა და ტრადიციებზე საუბარი გსურთ, აუცილებლად ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარ მცველს, მანანა ლომაძეს უნდა ესტუმროთ. მანვე მოგვაწოდა 1941 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც ასახულია ცეცხლის გარშემოვლა ახალი წლის დილას არტემ ნაცვალაძის ოჯახში: შუა სახლში ანთია ცეცხლი, რომელსაც ოჯახის წევრები დამწკრივებულნი გარს უვლიან სამჯერ. ოჯახის უფროს მამაკაცს ხელში უჭირავს გაწყობილი გობი, რომელზეც ალაგია ღორის თავი, გოზინაყი, ხაჭაპური, ქათამი, ვერცხლის ფული; ჯამზე გაცეხვილი ღომია, ღომის შუაგულში კი _ უმი კვერცხი. ზედვეა ხილი და ერთი ამოხვევა აბრეშუმის ძაფი. ყველას ხელში უჭირავს ანთებული თაფლის სანთელი. ეს უნიკალური ფოტო იმ დროს მახარაძის რაიონში, სოფელ გვაბრიათში (ასკანაში) არის გადაღებული და დღეს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება. თუ რა ტრადიციები და რიტუალები იყო და არის შემორჩენილი შობა-კალანდას, მანანა ლომაძე სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მოგვითხრობს.
როგორ ემზადებოდნენ შობისთვის
გურულებისთვის შობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. საშობაო სამზადისი, "ღვეზელის" დამზადების წესი საინტერესოდ აქვს აღწერილი ეთნოგრაფ აპოლონ წულაძეს: "შობის წინ, 4-5 დღით ადრე, ქალები კვერცხებს მაგრად მოხარშავდნენ, მოხარშულ კვერცხებს ჩეჩოზე დააწყობდნენ და ოჯინჯალაზე გამოჰკიდებდნენ. ცეცხლის სიმხურვალით კვერცხები ხმებოდა, იჭვარტლებოდა და ქვასავით მაგარი ხდებოდა, რომელსაც შემდეგ მუცლის სალოცავისა და ღვეზელისთვის იყენებდნენ... შობის წინა დღე "ბრავაწობა თენდება".
მანანა ლომაძე: _ დილით, ოჯახის უფროსი რამდენიმე ოყა "ყირიმის" თეთრ პურის ფქვილს მოიტანდა დუქნიდან. თეთრი პურის ფქვილის შეძენა ყველას არ შეეძლო და უმეტესობა კმაყოფილდებოდა შინაური თალხი პურით, რომელიც იმდენი მაინც მოჰყავდათ, საკაიდღეოდ ყოფნოდათ... დედაკაცები დილით შეუდგებოდნენ სახვალიო სამზადისს: პურის ფქვილს მოზელდნენ, რომ "წამოღუებულიყო" და საღამომდე თბილად შეინახავდნენ. სასუქიდან ქათმებს გამოიყვანდნენ, საცივს გააკეთებდნენ, ქოთნებში შენახულ დამარილებულ ჩიტებს კი "ჩააზუბზუბებდნენ". საღამო ჟამს კეცებს გაახურებდნენ, დააცხობდნენ ღვეზლებს და მუცლის სალოცავ კვერებს. "მუცლის სალოცავი" პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი, შუაზე ერთი კვერცხია მოთავსებული. ღვეზელი სამკუთხედია და მას სათითაოდ აცხობდნენ. იგი არაა ერთი ზომის და ღირსების _ აცხობდნენ საუფროსოს და საუმცროსოს _ ზოგს 4-5 კვერცხს "მიურთავდნენ" და ისიც მთელს; ზოგში 2-3 შუაში გაჭრილ კვერცხს დააყოლებდნენ... განსაკუთრებით გამოაცხობდნენ სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს. დილით, ძალიან ადრე, ოჯახის დედა ქალი მუცლის სალოცავს თითოეულ შვილს სამ-სამჯერ შემოავლებდა მუცელზე და ილოცებოდა: "ამის მუცლის ტკივილი აღმა ქარს, დაღმა წყალს", მუცელზე შემოვლებულ კოკრებს ბავშვები მაშინვე ჭამდნენ, ერთმანეთისთვის შეთავაზება, თუნდაც ერთი ფინჩხის, არ შეიძლებოდა, რადგან ნატეხს მუცლის ტკივილი გადაყვებოდა. დილით გაჩაღებულ ცეცხლის პირას, ცეცხლისა და ქონის ჭრაქის სინათლეზე, ოჯახის წევრები შემოუსხდებოდნენ საოჯახო სუფრას და მიირთმევდნენ მშვენიერ საუზმეს, რომელსაც არც ღვინო აკლდა. ჯერ კიდევ ბნელოდა ისე, რომ ზოგიერთი "ალაცარიე" (ზარმაცი) გათენებამდე ერთ წაძინებასაც მოასწრებდა.
საინტერესოა, ასევე "ბუდუა" _ ნათლიის და ნათლულის მოყვრების საშობაო შეხვედრა: შობის საღამოს, წირვის დაწყებამდე, "ბუდუას" (ნათლიას) ნათლულიდან საშობაო ძღვენიც მოუვიდოდა. ეს იყო ფიჭვის ყავარზე დაკრული 30-40 კვერცხიანი "საიასაღო" (საგანგებო) ღვეზელი, "კურტუმოჩაყვითლებული"ყვერული, ფინჩხაურით (მოზრდილი საღვინე დოქი) ჩხავერის ღვინო და ნათლულის ნახელავი წინდა. სამაგიეროდ, მოყვრებმა სადილი ერთად უნდა ჭამონ _ ძღვენის გამომგზავნი ნათლიამ უნდა დაპატიჟოს და თან სტუმრებიც მოუპატიჟოს. ნათლია თუ თავადი ან გავლენიანი აზნაური იყო, ან ბობოლა "ჩინოვნიკი", მაშინ 60-კვერცხიან ღვეზელს გამოუცხობდნენ და გარდა კვერცხისა, 10-15 მსუქან შაშვს წინასწარ "მოწალულს" (მდუღარეში ცოტა ხნით ნამყოფს) ჩაურთავდნენ, რომელიც ღვეზლის ცხობის დროს შეიწვებოდა. ჩხავერის ღვინოსთან ერთად, ასეთ ძღვენს ახლდა სანთლის არაყი. შობის სადილი იყო "ძირდადგმული", დარბაისლური, სიმღერა, თოფის ან ფიშტოს სროლა, ჩონგურის დაკვრა და ზედ დაღიღინება, ცეკვა, ყველაფერი ეს ჭამის მადას აღძრავდა და მასპინძელი ქალიც წამოსამატს _ მწვადსა (შემწვარ ჩიტს) და ხაჭაპურს არ ზოგავდა. აურზაური და ჩხუბი წარმოუდგენელი რამ იყო. როგორც სიამტკბილობით დასხდებოდნენ, ასევე მოყვრულად გამოეთხოვებოდნენ ერთმანეთს და გამომშვიდობებისას იტყოდნენ: გაის ამ დროს კიდევ ასე კარგად მყოლოდეს თქვენი თავი! _ თქვენიანებ, თქვენიანებ და თქვენი კარგად ყოფნით! _ უპასუხებდა მასპინძელი. შობის მეორე დღე _ "შობის დედაც" უქმე დღე იყო. პირის გემო და სიამოვნება იმ დღესაც არ აკლდათ.
ცხემლის ჭრა
მანანა ლომაძის თქმით, ახალი წლის (კალანდის) წინა დღეს ცხემლის (ცხილა) ჭრა საღამო ეწოდებოდა. ამ დღეს, ოჯახის უფროსი მამაკაცი წავიდოდა ტყეში და ცხემლის შეშას დაამზადებდა. უძველესი დროიდან, ოჯახში ცეცხლის ჩაქრობა დიდ უბედურებად ითვლებოდა. ცეცხლი ბინის შუა ადგილას იყო გაჩაღებული, რათა ოჯახის ყველა წევრი შემოსხდომოდა ირგვლივ და გამთბარიყო. გურიაში სამზად სახლში დღესაც ანთია შუა ცეცხლი კერიით. კერია (კერა) წარმოადგენს მოგრძო ქვას, რომელსაც შეშას დააყრიან, თავებს კერიაზე ჩამოუდებენ. ასეთ შემთხვევაში, შეშას ცეცხლი უფრო კარგად ეკიდება. ცეცხლის გაქრობა და კერიის გაციება დიდ უბედურებად ითვლებოდა. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გატანას (გაუქრობლად შენახვას) მტკიცდებოდა შელოცვით, რომელსაც გურიაში მიმართავდნენ; საღამოობით, დაწოლის წინ, ხის მუგუზალს შეახვევდნენ ნაღვერდალში _ ცეცხლს დაახვეტენ, რომელსაც შემნახველი შემდეგი სიტყვებით შეულოცავდა: "ცეცხლო, ელოდე-მელოდე, მე მელოდე, მზეს ელოდე, მთვარეს ეთაყვანებოდე, დილას ადრე ავდგებოდე, დოხჩაური დამხვდებოდე". დოხჩაური, ხალხური გაგებით, დიდი, ანუ გაღვივებული ცეცხლია. ცნობილია, რომ ცხემლის შეშას ცეცხლი კარგად ეკიდება და მას ღვთაებრივ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ. საინტერესოა, ისიც რომ ცხემლის ჭრა დილით, სასუქში ჩაყრილ ფრინველებს და საახალწლო ღორს დაკლავდნენ. ცხემლის ჭრა დღის ვახშამს კი ამზადებდნენ გასუქებული ქათმის კუჭ-ფილტვისა და თავ-ფეხისაგან, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა; თქმულებაც არსებობდა: "ახალი წლის სადილს შეველევი და ცხემლის ჭრის ვახშამს კი ვერაო". ცხემლის ჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ საახალწლო დალოცვისათვის საჭირო ჩიჩილაკი. საახალწლო გასალოც ელემენტებს შორის ჩიჩილაკს განსაკუთრებული და შეუცვლელი ადგილი ეჭირა. ჩიჩილაკი ნედლი ხის ნაწარმია, რომელზედაც შეთლილია დახუჭუჭებული მერქნის გრძელი თხელი ანათლელი.
ჩიჩილაკის ახდა
ჩიჩილაკის დამზადება ხდებოდა თხილის, წაბლის ან ლეღვის ახლად მოჭრილი ღეროებისაგან. ღეროებს მოთუთქავდნენ (გაავლებდნენ) ნაღვერდალში, გააცლიდნენ კანს და შემდეგ ძირიდან ზევით ათლიდნენ მერქნის თხელ, ერთი მილიმეტრის სისქის ღეროებს; ეს ღეროები კულულებად უნდა ყოფილიყო დახვეული. დასადგმელად გაუკეთებდნენ სამ ფეხს, წვეროზე კი ქოჩორს. გურიაში წინათ იშვიათი იყო ოჯახი, სადაც არ იცოდნენ ჩიჩილაკის ახდა. საინტერესოა, რომ საახალწლო რიტუალის დროს დასავლეთ საქართველოში გურიასა და სამეგრელოში აკეთებდნენ ჩიჩილაკს და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ძველი ხალხური გადმოცემით, ჩიჩილაკი მზის ემბლემას წარმოადგენს და მის ქვემოთ დაშვებული კულული მზის სხივების სიმბოლოებია. დაამთავრებდნენ თუ არა ჩიჩილაკის ახდას, შეუდგებიან მის მორთვას: ჩიჩილაკს რთავდნენ კურკანტელით, სუროს ყლორტებით, საზამთროდ დამზადებული დაჩამიჩებული ყურძნის აკიდოებით, ჩურჩხელებით, ბროწეულით, პატარა ყველიანი პურით...
გასალოცი გობი
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გასალოც გობს ანუ ხონჩას, რომელზედაც დალაგებული უნდა ყოფილიყო ე.წ. დედო პური, ანუ ახალი წლისათვის სპეციალურად გამომცხვარი დიდი ყველიანი ხაჭაპური. დედო პურში, ყველთან ერთად, ჩადებდნენ ვერცხლის სუფთა მანეთიანს ან ათ შაურს, რის შემდეგად ყველს გაიყვანდნენ (გაასწორებდნენ ცომში). დედო პურს გაჭრიდნენ ახალი წლის სადილზე იმდენ თანასწორ ნაწილად, რამდენი სულიც იყო ოჯახში და ვერცხლის ფული ვის ნაჭერშიც აღმოჩნდებოდა, ის ითვლებოდა იღბლიანად. გარდა დედო პურისა, ხონჩაზე უნდა დაედოთ მოხარშული ღორის თავი, ტკბილეული, პატარა თიხის ქოთნით გაცეხვილი ღომი, რომელშიც ჩაფლული იყო მოუხარშავი კვერცხი. გობის კიდეებზე შემოამწკრივებდნენ ოჯახში ჩამოქნილ თაფლის სანთელს. თაფლის სანთელს ამაგრებდნენ ღომიან ქოთნის კიდეზეც. ხონჩის გვერდზე დადგამდნენ ღვინოს პატარა დოქით, რომელსაც თავი გატენილი ჰქონდა სიმინდის ნაქურჩნით. დოქსაც მიმაგრებული ჰქონდა თაფლის სანთელი.
გალოცვა ანუ ფეცხვა
ახალ წელიწადს დილით, გათენებამდე ორი საათით ადრე, ოჯახის ყველა წევრი ხელ-პირს დაიბანდა, ახალ ტანისამოსში გამოეწყობოდა. გალოცვას ხელმძღვანელობდა ოჯახის უფროსი მამაკაცი, თუ ასეთი არ იყო, მაშინ ვაჟი და უკიდურეს შემთხვევაში _ ქალი, იმ პირობით, რომ ერთ-ერთი დიასახლისი უნდა დარჩენილიყო სახლში. გალოცვისთვის საჭირო იყო ოჯახის სამი სული გასულიყო გარეთ. ერთი დაიჭერდა ხელში ჩიჩილაკს, ერთი გასალოც გობს ანუ ხონჩას და ერთიც _ ღვინიან ჭარიკას. თუ ოჯახში ორი სული იყო, ასეთ შემთხვევაში, ჩიჩილაკს პატარა ზომისას აკეთებდნენ. ისე, რომ ერთ კაცს შესაძლებლობა ჰქონოდა სამივე ნივთი დაეჭირა ხელში. გალოცვა ხდებოდა მარანზე, სადაც გაიტანდნენ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს და დაალაგებდნენ მიწაზე. მამაკაცი აანთებდა სანთელს, დაიჩოქებდა და შესთხოვდა ღმერთს: "ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, მხიარულება, ოქრო-ვერცხლი უთვალავი, ქათამი, ბატი და იხვი, უხვი მოსავალი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯოგად, მარანი _ ღვინით სავსე, ბეღელი _ პურით და ღომით სავსე, ტყავი _ ხორცით სავსე, ძვალი _ ტვინით სავსე, ნაჭუჭი _ გულით სავსე". შემდეგ შემოატრიალებს ხონჩას სამჯერ... შეარებს ხონჩაზე დალაგებულ ყველა ნივთს ხელს და წავა ბინისკენ. როდესაც მიადგება კარს დაიძახებს: "კარი გამიღეთ!" დიასახლისი შიგნიდან ეკითხება: "რა მოგაქვს?" მამაკაცი პასუხობს: "კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა..." სამჯერ გაიმეორებს მარანზე წარმოთქმულ სიტყვებს. ამის შემდეგ, დიასახლისი უღებს კარს, ყველანი შევლენ სახლში, ჩიჩილაკს, გობს და დოქით ღვინოს დადგამენ შუა ადგილას, დაიჩოქებენ და ოჯახის ყველა წევრი შესთხოვს ღმერთს ზემოთ ნათქვამი ლოცვით, შეავლებენ ყველა ნივთს ხელს და ამის შემდეგ მიულოცავენ ერთმანეთს, შესთავაზებენ ტკბილეულს. შემდეგ ოჯახის უფროსი გაისვრიდა თოფს, ოჯახის წევრები გავიდოდნენ გარეთ, მორიგეობით შემოიტანდნენ ცხემლისჭრა საღამოს დამზადებულ შეშას, როცა ცეცხლი კარგად აგუზგუზდებოდა, ოჯახის უფროსი შეუჩუჩხუნებდა მუგუზალს, რათა ბევრი ნაკვერჩხალი ავარდნილიყო და შესთხოვდა ღმერთს ლოცვით: "ღმერთო, მოგვეცი ამდენი ღორი, ამდენი ფრინველი...", რასაც გაიმეორებდნენ სამჯერ. ამას ცეცხლის გალოცვა ეწოდებოდა. შემდეგ კი ოჯახის წევრები საუზმობდნენ.
ბედობის დღე
ახალი წლის (კალანდას) მეორე დღე ბედობის დღედ ითვლებოდა. იგი მომავალი წლის ბედობის, მოსავლის ბედნიერების და ჯანმრთელი ცხოვრებისადმი მიძღვნილი დღესასწაული იყო. საახალწლო რიტუალის მომზადების დროს, ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა ახალი, კოხტად შეკერილი და სუფთა სამოსელი ცმოდა. ყველა მოწოდებული იყო, ეს დღე ცეკვა-თამაშში და მხიარულებაში გაეტარებინა. ახალ წელს დიდ უბედურებად და საწყენად ითვლებოდა ოჯახში ან სხვაგან სადმე ჩხუბი და აურზაური აეტეხათ. ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს _ ანუ როგორც გურიაში იტყოდნენ "კაიფეხის" ადამიანს. ოჯახიდან, ცდილობდნენ, არსად წასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა "კაიფეხის" პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, მასთან უნდა წასულიყავით კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული მიგეტანათ, თავი მხიარულ ხასიათზე დაგეყენებინათ, ღვინო და სასმელები ნორმალურად დაგელიათ და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყავით.
ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებულია გაწბილებასთან, მოტყუებასთან, დაკარგვასა და გატეხვასთან, ამისათვის ამ დღეს, არც ისესხებდნენ არც გაასესხებდნენ და არც გაანათხოვრებდნენ რამეს. ახალ წელიწადს ავადმყოფიც კი, თუ მას ოდნავ შეეძლო წამოდგომა, ყოველ ღონეს იხმარდა, დაღამებამდე მაინც ლოგინში არ ჩაწოლილიყო და თავი არ შეეკონა. ახალ წელიწადს ოჯახის უფროსი არიგებდა ოჯახის წევრებს: დილით ადრე ამდგარიყვნენ (პატიჟი არ დასჭირებოდათ), ტანზე სწრაფად ჩაეცვათ (ტანსაცმელს მიგნებულ ადგილას ინახავდნენ, რათა მეორე დღეს საძებრად არ გახდომოდა), ხელ-პირი დაებანათ, საჭმელი ეჭამათ, ერთიმეორეში არ ეჩხუბათ და დრო მხიარულებაში გაეტარებინათ. ამ დღეს ოჯახის არცერთ წევრს არ შეეძლო, დასაქმებაზე უარი ეთქვა: ვინაიდან ახალ წელს სასაუბრო ლექსიკონიდან ამოღებული იყო სიტყვები: "არ შემიძლია", "მე არ ვიზამ", "ვერ გავაკეთებ" და სხვა. ამ დღეს მშობლები არიგებდნენ შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს: "წელში გამართული და ბეჭებში გამართული გეიარე, თუ არა, მთელი წლის განმავლობაში წელმოტეხილი და დაჩაგრული იქნებიო".
3039
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85