ფედერიკა მოგერინი - ე.წ. ხელშეკრულება რეგიონში ვითარების სტაბილურობისთვის ზიანის მომტანია

ფედერიკა მოგერინი - ე.წ. ხელშეკრულება რეგიონში ვითარების სტაბილურობისთვის ზიანის მომტანია

რუსეთსა და საქართველოს რეგიონს აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" შესახებ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ზიანის მომტანია რეგიონში ვითარების უსაფრთხოების სტაბილურობისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის მანამდე გაფორმებული შეთანხმებების მსგავსად, ეს შეთანხმებაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით", - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი. 

"ეს ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთის რეგიონის მცოცავი ანექსიისა", - ნათქვამია PACE-ს თანამომხსენებელთა განცხადებაში. 

მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი საქართველოს 3-5 დეკემბერს ეწვევიან. 

აფხახეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ სოჭში ხელი მოაწერეს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ე.წ. შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი 10 წლის ვადით მოეწერა, ხუთწლიანი პერიოდის გახანგრძლივების პერსპექტივით.