რომან გოცირიძე - ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით შარშანდელი ვითარების გამეორების რისკი არსებობს

რომან გოცირიძე - ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით შარშანდელი ვითარების გამეორების რისკი არსებობს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის აზრით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით შარშანდელი ვითარების გამეორების რისკი ნაკლები ზომით, თუმცა არსებობს. 
როგორც გოცირიძემ BPN-ს განუცხადა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მთავრობა წარსულ შეცდომებს არ გაიმეორებს, განსაკუთრებით, ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის პროცესში.

"წლევანდელი ვითარება თავისი მასშტაბით ჯერ არ ჰგავს შარშანდელს, თუმცა გარკვეული მსგავსება მართლაც შეიმჩნევა. ნაკლები ზომით, მაგრამ შარშანდელის განმეორების რისკი მაინც არსებობს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მთავრობა წარსულ შეცდომებს არ გაიმეორებს, განსაკუთრებით, ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის პროცესში. ლარის სტაბილურობა კაპიტალის შემოდინებაზე, ბიუჯეტის დაბალანსებულ ხარჯვასა და ეროვნული ბანკის ზუსტ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. შარშან, საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხა არარიტმულად, არათანაბარზომიერად იხარჯებოდა. ძირითადი დატვირთვა მოდიოდა ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რამაც თავის მხრივ ფულის მასის ერთბაშად ზრდა და ლარის დევალვაცია გამოიწვია. შარშან, მას შემდეგ, რაც ლარის გაუფასურება დაიწყო, მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მხოლოდ დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია - ეს მოხდა ფულის ზედმეტი მასის სტერილიზაციის მიზნით. თუ ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის ზაფხულში 3,1 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრებოდა, მისი მოცულობა დღეისათვის 2,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტიდან ხარჯების დიდი რაოდენობით გაწევამ და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 632 მილიონი ლარის დანაკლისით შესრულებამ, რომელიც წინა პერიოდში დაგროვილი ნაშთებიდან გადაიფარა, ფულის მასის სწრაფი ზრდა და მისი სტერილიზაციის აუცილებლობა გამოიწვია. იმ ნაშთიდან, რომელიც 2012 წლის დასაწყისისათვის ბიუჯეტში იყო დარჩენილი წინა მთავრობის დროიდან - თითქმის 900 მილიონი ლარის ოდენობით - ეროვნული ბანკში არსებულ მთავრობის ანგარიშზე წლის ბოლოს მხოლოდ 287 მილიონ ლარი დარჩა ანუ თუ მთავრობამ წინა წლის ბიუჯეტი დაგროვილი ნაშთებით დააბალანსა, მიმდინარე წელს ამას იგი შიდა ვალის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ახერხებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტა.

რომან გოცირიძის განმარტებით, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად, მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ხარჯების ფრთხილად გაწევაა აუცილებელი. 

"უფრო მეტიც, უმჯობესია ბიუჯეტის გეგმა ხარჯვით ნაწილში არ შესრულდეს, ვიდრე ბოლო თვეში მოხდეს თანხის დიდი ოდენობით გადარიცხვა მხარჯველი ერთეულებისათვის და ამას ლარის დევალვაციის პროვოცირება მოჰყვეს. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ბიუჯეტი ვერ შესრულდება. როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების გეგმის შესრულებაში საკმაო ჩამორჩენა შეინიშნება. დღეისათვის მობილიზებულია 7,606 მილიარდი ლარი, ანუ შემოსავლების გეგმის (9.105 მილიარდი ლარი) შესრულებას აკლია 1, 5 მილიარდი ლარი. წლის განმავლობაში, დღემდე ბიუჯეტიდან გაწეულია ხარჯი 7,419 მილიარდი ლარის ოდენობით. თვეზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს თითქმის 1,7 მილიარდი ლარი, ანუ საშულო თვიურ ხარჯვასთან შედარებით ორჯერ და კიდევ უფრო მეტი. პარადოქსია, მაგრამ ხარჯებში ჩამორჩენა ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორიც კი იყო გასული თვეების განმავლობაში ბიუჯეტის დაბალი დეფიციტის გამო, თუმცა ეს მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც გადავადებული რისკები. ამიტომ, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
დღევანდელი მონაცემებით, ერთი დოლარი 1.82 ლარი ღირს.