სტოლტენბერგი - რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს

სტოლტენბერგი - რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აღიარებს საქართველოს რეგიონს აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" შესახებ გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

"ეს ე.წ. ხელშეკრულება არ შეუწყობს ხელს საქართველოში ვითარების მშვიდობიან და გრელვადიან მოგვარებას. პირიქით, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში. 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსი მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს საქართველოს კუთვნილი რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ სოჭში ხელი მოაწერს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას. 

შეთანხმებას ხელი 10 წლის ვადით მოეწერა, ხუთწლიანი პერიოდების გახანგრძლივების პერსპექტივით.
შეთანხმებაში "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: "კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება"; "საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის", "საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის" შექმნა, აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დახმარება და ა.შ.
"კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების" ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით მუშაობას და შეეცდება გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, შექმნიან შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ აფხაზეთი გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაერთიანებებში.

"საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის" ფარგლებში, იგულისხმება რუსეთის და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო ძალების შექმნა, რომლის მიზანი იქნება ნებისმიერი შეირაღებული აგრესიის მოგერიება; დოკუმენტის ეს პუნქტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივ ზომებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დასაცავად.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე თუ ერთი მხარის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოების ჯგუფის მხრიდან განხორციელდება შეირაღებული თავდასხმა, ეს განხილული იქნება, როგორც შეთანხმების მონაწილე მეორე ქვეყანაზე თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხარე მეორეს გაუწევს საჭირო დახმარებას, მათ შორის სამხედროს. 
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება კოორდინირებული ქმედებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა დავალებების შესასრულებლად.

აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში, მოხდება კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაცია საბაჟო სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით. 
ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია მიიღებს დამატებით ზომებს, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ. 

შეთანხმების მიხედვით, 1 იანვრიდან, 3 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების პენსიონერულ უზრუნველყოფას განახორცილებს და ისინი იმავე რაოდენობის პენსიას მიიღებენ, რაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
შეთანხმება განსაზღვრავს ჯანდაცვის სფეროში თანამშომლობასაც. მათ შორის არის ის, რომ ეწ. აფხაზეთის რესპუბლიკა ქმნის აუცილებელ პირობებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევისთვის.

ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რომელიც განათლების სფეროს ეხება, რუსეთი აფხაზეთს დახმარებას გაუწევს აფხაზური ენის განვითარების პროგრამების რეალიზებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით.