საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული შეთანხმება დაგმონ

საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული შეთანხმება დაგმონ

მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის დეფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას.

როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა გმობს ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ქმედებებს.
"ე.წ. დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ შელახვას. მის ხელმოწერას ექნება ნეგატიური შედეგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისევე, როგორც უფრო ფართოდ ევროპული უსაფრთხოების კონტექსტშიც. ამ ე.წ. ხელშეკრულებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და შესაბამისად მას არასდროს სცნობს საერთაშრისო თანამეგობრობა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს დაგმონ კიდევ ერთხელ ეს ქმედება", - განახადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს რუსეთის მიზანმიმართულ ნაბიჯს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საპასუხოდ. 

"საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძნობს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა ეს პერსპექტივა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ჰქნდეთ. ე.წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფრთხეებზე საქართველო მუდმივად აწარმოებდა აქტიურ დიალოგს საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ახლა ეს ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო ინტენსიური გახდება", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.