"გასაღების" თემაზე "რესპუბლიკელებს" შორის კონსულტაცია გვიან საღამოსაც გაიმართა

პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" შიდაფრაქციული კონსულტაცია. ფრაქციის სათათბირო ოთახში გამართულ შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის წევრი დავით უსუფაშვილიც მონაწილეობდა.

განხილვის ძირითადი თემა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი პროექტები და მასთან დაკავშირებული პროცესი იყო. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქციის წარმომადგენელს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის, რომელსაც მხარს უჭერს "რესპუბლიკელთა" ფრაქცია.

კონსულტაციების დეტალებზე ფრაქციის წევრები არ საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, "რესპუბლიკელები" კონსტრუქციულად არიან განწყობილნი, ხოლო ის, თუ როგორი იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება, განხილვის პროცესში გამოჩნდება. დეტალებზე არ საუბრობს ვახტანგ ხმალაძეც.

ფრაქციის ფორმატში აღნიშნულ თემაზე კონსულტაცია დღეს დილითაც გაიმართა.