უკრაინა ევროატლანტიკურ კურსს აღადგენს

უკრაინა ევროატლანტიკურ კურსს აღადგენს

უკრაინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს აღადგენს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისადმი მიმართვაში, რომელიც დღეს ჰააგაში გამართულ ასამბლეაზე პრეზიდენტის მრჩეველმა როსტისლავ პავლენკომ წაიკითხა.

"ჩვენი ქვეყანა აღადგენს პოლიტიკურ კურსს უსაფრთხოების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ, რაც ასახავს უკრაინელი ხალხის სურვილს", - წერია მიმართვაში.

პოროშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინა საჭიროებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

"გვჭირდება საჩქარო და ეფექტური მხარდაჭერა ალიანსში ჩვენი პარტნიორებისგან. მხოლოდ ერთად შევძლებთ ევროპული უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეების გადალახვას, რომელიც რუსეთის არალეგიტიმურმა ქმედებებმა გამოიწვია", - წერს პოროშენკო მიმართვაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით უკრაინაში, ნოემბერში ყველაზე მეტმა ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ნატოში გაწევრიანების საკითხს გამოკითხულთა 51 % უჭერს მხარს, 25 % კი წინააღმდეგია.