"თავისუფალი დემოკრატები" საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

პარტია რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმებას და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯს გმობს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. ხელშეკრულება გზავნილია საქართველოს და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად, მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესების ხელის შეშლას, ასევე, მცდელობას, არ დაუშვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენა.

"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებისგან დაუყოვნებელ რეაგირებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული.

"1. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალური რეაგირება უმაღლეს დონეზე. მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკმარისი ნამდვილად არ არის.

2. აუცილებელია, დაუყოვნებლივ განხორციელდეს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან.

3. საერთაშორის ორგანიზაციებში დაუყოვნებლივ იქნას მოთხოვნილი საგანგებო სხდომების მოწვევა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხის დაყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ეუთო-ს გაძლიერებული მუდმივი საბჭოს და დეკემბრის მინისტერიალზე.

4. დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წამომადგენელთან და ჟენევის პროცესის ყველა სხვა თანათვამჯდომარესთან პლენარული ან საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით.

5. მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ, ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, შესაბამისი შეფასება მისცენ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას.

6. საქართველოს პარლამენტმა გააქტიუროს ქმედებები პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფებთან, რათა მოხდეს ამ ფაქტის ადექვატური შეფასება შესაბამისი რეზოლუციების მიღების ჩათვლით.

7. საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს საქმიანობა საერთაშორისო მედიასთან საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით.

8. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო განვითარებებზე რეაგირებისთვის", - ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" საგანგებო განცხადებაში.