უკრაინას სურს, მიიღოს 100%-იანი გარანტია რუსეთისგან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავს შეიკავებს

უკრაინას სურს, მიიღოს 100%-იანი გარანტია რუსეთისგან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავს შეიკავებს

უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო და თავად მიიღებს გადაწყვტილებას ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ევგენი პერებინისი რუსი კოლეგის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომ რუსეთს სჭირდება 100%-იანი გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდება.

"ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენს რუს კოლეგებს შევახსენოთ, რომ უკრაინა არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა გზით წავა ქვეყანა და რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება. ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს კარნახი და ასევე, არ შევეგუებით ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ზეწოლას", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

მისივე თქმით, უკრაინას სურს მიიღოს 100%-იანი გარანტია რუსეთისგან, რომ უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავს შეიკავებს.

რუსეთს სჭირდება 100%-იანი გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რუსეთისთვის ასეთი გარანტია არავის მიუცია, აქედან გამომდინარე, ეს სიტუაცია მოსკოვს აშფოთებს და აიძულებს სიფრთხილის ზომები მიიღოს.

პუტინის პრესმდივანმა დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ არის მცდელობა, რუსეთი ალყაში მოაქციონ.