მთავრობას თუ ტრაბახი უნდა, იტრაბახოს არა

მთავრობას თუ ტრაბახი უნდა, იტრაბახოს არა "9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის", არამედ საკუთარი მიღწევებით

საქართველოს მთავრობას ვუსურვებ, თუ მაინც და მაინც ტრაბახი უნდა, იტრაბახონ არა "9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის", არამედ საკუთარი მიღწევებით , - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ქუთაისის შემოვლითი გზის 32- კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნული მონაკვეთი დაგვიანებით გაიხსნა.

"როგორც იქნა გაუხსნიათ ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ. 2012 წლის ბოლოს ვერტმფრენით გადავუფრინე ამ გზის მშენებლობას და გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მაქსიმუმ 3 თვე სჭირდებოდა გზის საბოლოოდ გახსნას. ამ მთავრობამ კი, ეს 18 თვით დააყოვნა.

საქართველოს მთავრობას ვუსურვებ თუ მაინც და მაინც ტრაბახი უნდა, იტრაბახონ არა "9 წლიანი პირსისხლიანი რეჟიმის", არამედ საკუთარი მიღწევებით. მოვუწოდებ გაუბედონ ივანიშვილს, რომელმაც ჩემი და გიგის ჯინაზე დაბლოკა თბილისის შემოვლითი გზის გახსნა და აღიარონ, რომ ეს გზა დასრულებულია. მისი მეშვეობით თბილისი გათავისუფლდება საცობებისგან და ასობით ათასი თბილისელი შვებას იგრძნობს", -წერს მიხეილ სააკაშვილი.

ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.