გივი თარგამაძე ნდობის ჯგუფის სხდომაზე შეკითხვებით მივიდა

გივი თარგამაძე ნდობის ჯგუფის სხდომაზე შეკითხვებით მივიდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე კონკრეტული შეკითხვებით მივიდა. "ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები მაქვს , რომელიც უკავშირდება იმას, თუ რატომ არ ფუნქციონირებდა ნდობის ჯგუფი აქამდე. რატომ დაიწყო მუშაობა მხოლოდ ე.წ. კაბელების საკითხის შემდეგ, რატომ დაიწყო ფუნქციონირება ასე ვთქვთ უკუღმა და რატომ ვისმენთ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებულ მასალებს იმ დროს, როცა ეს მოუნდა პროკურატურას და აუდიტის სამსახურს და არა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. მე მაინტერესებს, საერთოდ რა არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია იმ ვითარებაში, როცა აუდიტის სამსახურს მასალები პროკურატურაში უკვე გადაგზავნილი აქვს. მხოლოდ უნდა ვნახოთ და შევაფასოთ? ეს არის გაუგებრობა", - განუცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს, რომელიც ნდობის ჯგუფი შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილეა.

მისივე განმარტებით, ნდობის ჯგუფის წარმომადგენლები დღეს ელოდებიან შეკითხვაზე პასუხს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ იმუშავებს აღნიშნული მექანიზმი მომავალში - ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, თუ ისე როგორც უნდა იმუშაოს.

"არის შეკითხვა, საერთოდ, როგორ უნდა იმუშაოს შემდგომში, უნდა იმუშაოს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, მისი ხუშტურების შესასრულებლად, თუ ისე როგორც უნდა იმუშაოს. მე მაინტერესებს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ყველაზე ქმედითი მექანიზმი უკვე მკვდარია, თუ მისი რეანიმაციის საშუალება კიდევ არსებობს", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თემურ მირიანაშვილი და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე თენგო ნასარიძე ესწრებიან.