მრავალ პოპულარულ კინომსახიობს სურს ამა თუ იმ ცნობილი სპორტსმენის როლის განსახიერება, ასევე კარიერის დასრულების შემდეგ სახელმოხვეჭილი ათლეტები დიდების ობიექტივში დარჩენას ესწრაფიან და კინოს სამყაროში ინაცვლებენ. ზოგს ეს გამოსდის, ზოგიერთები კი ახალ სფეროში ვერაფერს აღწევენ და ლოთებისა თუ ნარკომანების ურიცხვ არმიას ავსებენ.
პირველი ცნობილი ტყავის ბურთის ოსტატი, რომელიც კინოში დასაქმდა, ფეხბურთის მეფე-პელე აღმოჩნდა. შორს ვარ იმის მტკიცებისაგან, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა და მის მიერ განსახიერებული როლები „ოსკარის“ პრემიის ნომინანტებს შორის სახელდებოდა, მაგრამ პელეს ისეთი ავტორიტეტი გააჩნდა, რომ თავად მისი მონაწილეობის ფაქტი ამ ფილმების რეიტინგს მაღლა სწევდა.
საინტერესოა, რომ პელემ ქართულ კინოისტორიაშიც დაიკავა ადგილი, როდესაც ერთ-ერთ ფილმში პატარა როლი შეასრულა ბატონ კახი კავსაძესთან ერთად.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საკუთარი სამსახიობო ნიჭის დემონსტრირებას ერთი ფრანგი მოთამაშეც ცდილობს. ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ძნელად თუ მოიპოვება ერიკ კანტონასავით სკანდალური მოთამაშე. მისი ქარიზმატულობა ყველას აღაფრთოვანებდა და გიჟის მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ.
“- მე კანტონა ვარ, ამიტომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა”, ― ასე ახასიათებდა საკუთარ თავს „არანორმალურად“ შერაცხული კანტონა.
კარიერის დასრულების შემდეგ შოუ-ბიზნესში დაკავდა. თავდაპირველად პაკო რაბანის ტანსაცმლის კოლექციებს წარმოადგენდა, შემდეგ საკუთარი ფოტოების გამოფენა მოაწყო, შემდეგ როკის სფეროსაც მისწვდა და ფრანგული ჯგუფი „დიონისეს“ ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.
ყოველივე ამის შემდეგ მსახიობობა გადაწყვიტა და მის ანგარიშზე ამჟამად რამდენიმე სურათია.
განსაკუთრებული წარმატება ფილმმა „ელისაბედი“ მოუტანა, სადაც კანტონა მონსენიორ დე ფუას როლს ასრულებდა. ეს დე ფუა ვინ არის, ნამდვილად არ ვიცი. მე კანტონას ქართული მხატვრული ფილმის „ხარება და გოგიას“ ნახვას ვურჩევდი. ამ კავკასიურ ბოევიკში ლევან თედიაშვილმა და ომარ ფხაკაძემ მართლაც რომ დასამახსოვრებელი სახეები შეჰქმნეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ დიდი სპორტსმენი ასევე დიდი მსახიობიც შეიძლება გახდეს.