ემა ტუხიაშვილი, "კვირისპალიტრა.გე"
ახალი წლის დადგომასთან ერთად, ძველი წლის შედეგების შეჯამების დრო დადგა. ტრადიციული ნომინაციების - "ყველაზე მდიდარი", "ყველაზე რეიტინგული" თუ "ყველაზე წარმატებულის" შემდეგ, გასული წლის იღბლიანი ბიზნესპროექტებიც გამოავლინეს. XXI საუკუნეში, როდესაც ბიზნესის თითქმის ყველა სექტორი მაქსიმალურად ათვისებულია, ორიგინალურ და რაც მთავარია, მომგებიან ბიზნესიდეას ოქროს, თუმცა არა - ბრილიანტის ფასი აქვს.
ინგლისურენოვანმა ბიზნესგამოცემა BussinessInsider-მა 2011 წელს "დაბადებული" წარმატებული და ორიგინალური ბიზნესები გამოავლინა. ეს საინტერესო და მომგებიანი მიგნებები შესაძლოა ვინმემ ქართულ რეალობასაც მოარგოს და საქართველოს ბაზარზე ახალი ნიშა დაიკავოს.
გაიხსენეთ, რამდენჯერ მიგიბარებიათ შესანახად თქვენი ჩანთა, ბარგი ახლომდებარე მაღაზიაში ან ჯიხურში სრულიად უცნობი ადამიანისთვის, რადგან ძალიან გამძიმებთ, სასიარულო კი კიდევ ბევრი გქონდათ. ალბათ, რამდენი გინერვიულიათ იმის გამო, დაგხვდებოდათ თუ არა თქვენი ბარგი ხელუხლებელი, რადგან უცნობი ადამიანის სინდისიერების იმედად იყავით. როგორც ჩანს, მძიმე ჩანთის, ბარგის დროებით შენახვის საჭიროება ამერიკელებსაც ჰქონიათ. ამიტომ ერთმა ყველაზე საზრიანმა ამით ფულის გაკეთება გადაწყვიტა. ბარგის დროებითი შენახვის პუნქტში მცირე ჩანთის დატოვება 7, ხოლო მოზრდილი ბარგისა კი 12 დოლარი ღირს.
ნიუ-იორკის ერთ-ერთ აფთიაქს სხვაგვარად "ორი ერთშიც" შეარქვეს, რადგან ერთდროულად ადამიანებისთვის განკუთვნილი ორგანული სამკურნალო თუ კოსმეტიკური საშუალებებითაც ვაჭრობენ და შინაური ცხოველების მოვლის პროდუქტებსაც ჰყიდიან. როგორც აფთიაქის მეპატრონე ამბობს, ყველაფერი რითაც ვაჭრობს, ნატურალური და სასარგებლოა, ამიტომაც ჰყავს ბევრი მომხმარებელი.
ინტერნეტსივრცეში კი ახალი საიტი გამოჩნდა, რომელიც მალე იქცა წარმატებულ ბიზნესად. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ საიუველირო ნაწარმი და ამ პროდუქციის გაყიდვის ხელოვნებასაც დაეუფლოთ. ამ საიტის მეშვეობით თურმე ნებისმიერ ქალს შეუძლია ბიზნესლედი გახდეს, მას შემდეგ, რაც ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების რეალიზაციის რამდენიმე წარმატებულ ხერხს დაეუფლება.
ბარ-რესტორანი Coppelia მხოლოდ ერთი წელია, რაც არსებობს და უკვე უამრავი სტუმარი ჰყავს. ამ კვების ობიექტის წარმატების საიდუმლო ის არის, რომ მომხმარებელს ერთდროულად მრავალი ქვეყნის სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. მრავალფეროვანი მენიუს გარდა, რესტორანი ინტერიერითაც გამორჩეულია. აქ სტუმრებს შეუძლიათ კერძები არა ტრადიციულად მაგიდასთან, არამედ "კაბინებში" მიირთვან, რომლებიც ავტომობილის უკანა სავარძლის მსგავსად არის მოწყობილი.
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სომელიე ლაურა მანიეკმა კი ნიუ-იორკში ბარ-რესტორანი გახსნა, სადაც ყველა მსურველს ღვინის დაგემოვნების ხელოვნებას ასწავლის. ამბობენ, რომ საკმაოდ ბევრია მსურველი ლაურასთან ერთად მიუჯდეს მაგიდას, ბარ-რესტორნის მდიდარი კოლექციიდან კეთილშობილი სასმელი დააგემოვნოს და მეღვინეობის შესახებ საინტერესო ამბები მოისმინოს. ახალგაზრდა სომელიესთან ერთად 1 საათის გატარება სუფრასთან, ჭიქა ღვინით, 75 დოლარი ღირს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და ქართული მეღვინეობის ისტორიასა თუ ტრადიციებზეც მოსაყოლი ბევრი გვაქვს, ახალგაზრდა ამერიკელი სომელიეს გამორჩეულმა ბიზნესიდეამ შეიძლება საქართველოშიც გაამართლოს.
როგორ ჩანს, გასული წელი ინტეგრირებული ბიზნესების წელი იყო. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესპროექტად აღიარეს რესტორანი "ორი ერთში". ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ერთდროულად მიიღო "პურიც" და "სანახაობაც". მაშინ, როდესაც ეკრანზე ფილმს უჩვენებენ, ან სცენაზე მსახიობები სპექტაკლს თამაშობენ, დარბაზში მყოფ მაყურებელს შეუძლია გემრიელად მიირთვას შეკვეთილი კერძები და სანახაობითაც დატკბეს.
ინტერნეტსივრცეში ჩაშვების შემდეგ, საიტმა sidetour.com მფლობელებს უკვე 1,5 მილიონი დოლარი მოუტანა. ეს ინტერნეტგვერდი მომხმარებლებს ახალი უნარების შეძენაში ეხმარება, რადგან აქ შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერი სფეროს სპეციალისტი, დაწყებული მხატვრობით და ბოლივუდის ცეკვებით დამთავრებული.
ბრუკლინში კი სასტუმრო-ბუტიკი გაიხსნა, სადაც დამღლელი შოპინგის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აუზში იბანაოს, ისადილოს რესტორანში და ნომერიც კი იქირაოს. ამ ადგილს სხვაგვარად "მეხორცეთა ბუტიკსაც" უწოდებენ. აქ მომხმარებელს ასწავლიან ხორცის ცნობას და სასურველი ნაჭრის სწორად არჩევას. ამის შემდეგ კი უკვე დახელოვნებული მოსწავლე პროფესიონალურ არჩევანს აკეთებს და შენაძენითაც კმაყოფილია.
საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა ასევე საიუველირო მაღაზია სპეციალურად ბაიკერებისა და როკერებისთვის, აგრეთვე მაღაზია, სადაც მხოლოდ იოგურტი იყიდება. მაღაზიაში წარმოდგენილია ყველა სახეობის იოგურტი, მათ შორის - გაყინულიც. იოგურტის მოყვარული მომხმარებლები ამბობენ, რომ რძის მსგავსი გემრიელი პროდუქტი სხვა არ არსებობს. როგორც ჩანს, მათ ჩვენებური მაწონი არ გაუსინჯავთ. ისე რა იქნება, აქაც რომ გაიხსნას მხოლოდ მაწვნის მაღაზია, სადაც გაიყიდება მაწვნის ყველა სახეობა: ძროხის, თხის, კამეჩის, თიხის ქილაში დაყენებული და ა.შ.
რაც შეეხება ყველაზე წარმატებულ ბიზნესიდეებს საქართველოში, სამწუხაროდ, მსგავსი რეიტინგი არ არსებობს, მაგრამ ნაკლები დანახარჯითა და სტაბილური მოთხოვნით, გასულ წელს ერთი მეტად საინტერესო და შემოსავლიანი ბიზნესი გამოირჩეოდა, რომელიც სახლის პირობებში ხის სოკოს მოყვანას გულისხმობს.
864
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85