კონსტიტუციას დაჩქარებული წესით კიდევ ერთხელ აუპატიურებენ

კონსტიტუციას დაჩქარებული წესით კიდევ ერთხელ აუპატიურებენ

საზოგადეობრივი საკონსტიტუციო კომისია, პროტესტს წყვეტს და “ხალხთან მისვლას“ იწყებს. თუ როგორ და რატომ აირჩია კომისიამ ამგვარი გზა, პრესა.გე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ–ერთ წევრს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების დაჩქარებული ტემპით შეტანას აგრძელებს; ცვლილებები მეორე მოსმენით დღეს მიიღეს.

 

რამდენმა ადამიანმა გააპროტესტა ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში, პარლამენტთან, თქვენს მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე?

ვახტანგ ძაბირაძე: აქციაზე დაახლოებით 300–400 კაცი ვიყავით. რაოდენობისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი ხალხის მასიურად გამოყვანა არ იყო; ამას ვერც შევძლებდით – საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვართ გაერთიანებულნი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იქ ის ადამიანები უნდა მოსულიყვნენ, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში რაღაც ეტაპზე უნდა დამთავრდეს იმაზე გაუთავებელი საუბარი, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი და ვინ არა და რომ

 უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე –  გავარკვიოთ რა გვინდა.

 

რა თქმა უნდა, ამ სამდღიანი საპროტესტო აქციის დაწყებამდე ვიცოდით, რომ  ცვლილებების მიღების პროცესს ხელს რალურად ვერ შევუშლიდით, მაგრამ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ამ პროცესს, არც ღია პროტესტის გარეშე უნდა ჩაევლო. პროტესტის გამოხატვის ადგილზე – პარლამენტის წინ ამ სამი დღის განმავლობაში 600–მდე ხელმოწერა შევაგროვეთ, რომელსაც არა იურიდიული, მაგრამ საპროტესტო ხასიათი აქვს. დღევანდელ აქციაზე პარლამენტიდან იმ 4 დეპუტატიდან, რომლებიც ცვლილებებს მხარს არ უჭერენ, საპროტესტო აქციაზე სამი ჩამობრძანდა – დიმიტრი ლორთქიფანიძე, კარლო კოპალიანი და გია ცაგარეიშვილი. მათ იქ შეკრებილ საზოგადოებას უთხრეს რა როგორ ხდებოდა შიგნით.

 

შეატყობინეთ პოლიტიკურ პარტიებს, საპროტესტო აქციების შესახებ?

– რომ გითხრათ რომელიმე პარტიას დავუკავშირდით და პირადად მოვიწვიეთ–მეთქი, ასეთი რამ არ გაგვიკეთებია. აქციის თაობაზე ინფორმაცია ტელეკომპანია “კავკასიაზე“ რამდენჯერმე გადაიცა, საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობითაც გავრცელდა.

 

რომელიმე პოლიტიკოსი მოვიდა და თქვენთან ერთად დადგა, მდუმარე პროტესტის გამოსახატად?

– პოლიტიკოსებიდან ალეკო შალამბერიძე და ლაშა ჩხარტიშვილი გამოჩნდნენ.

 

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებაც უპრობლემოდ მოხდება?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ საპროტესტო აქციას არ ჰქონია მიზნად დასახული და ვერც შევძლებდით, რომ ეს პროცესი ჩაგვეშალა. რა თქმა უნდა, მესამე მოსმენით ცვლილებებს მიიღებენ. თუ რაიმეს გათვალისწინება უნდოდათ, დღეს, მეორე მოსმენისას გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ჩვენ არც ამის მოლოდინი გვქონდა. ვიმეორებ, ჩვენი მიზანი პროტესტის ღიად, საჯაროდ დაფიქსირება იყო. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, რომ იქ გაცილებით მეტი ადამიანი მოსულიყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, ვთვლი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად და ნორმალურად იყო.

 

იქნებ კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ გვითხრათ, რატომ არის ეს ცვლილებები მიუღებელი?

– თვითონ კონსტიტუცია ხიფათის შემცველია – აღმასრულებელი ხელისუფლება ორადაა გაყოფილი და დიდია პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების საფრთხე; ხოლო ზოგადად თუ ვიტყვით, ახალი კონსტიტუცია მთლიანად უვარგისია, რადგან არ ასახავს რეალობას და იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

 

თქვენი კომისია არ აპროტესტებს, მიხეილ სააკაშვილმა ამ ცვლილებებით ხელისუფლების სათავეში ყოფნის ვადა, რომ შეიძლება გაიხანგრძლივოს?

– როგორ არ ვაპროტესტებთ, მაგრამ ჩვენ ამ პროცესის – ცვლილებების შეტანის შეწყვეტას ვითხოვთ.

 

ცვლილებების მიღებას ფართომასშტაბიანი პროტესტი, რომ არ ახლავს, ეს საზოგადოების არაინფორმირებულობის ბრალია, თუ არაჯანსაღი სიტუაციის?

– ალბათ ორივესი ერთად. მოსახლეობას გულგატეხილობა აქვს გამოყოლილი – გამოსავალს ვერ ხედავს, ინერტულია და ამგვარ გარემოს ეს ქმნის. ამგვარი მდგომარეობა გაითვალისწინეს და სწორედ ამიტომ ხდება ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება.

 

ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ მოსახლეობა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ დარჩება; გვინდა თუ არ გვინდა გააქტიურდება. ჰოდა, აი, მაშინ უკვე პრობლემა იქნება კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილებების შეტანა. სწორედ ამიტომ ჩქარობენ ამ საქმის მომთავრებას. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, არა პროტესტის მიმართულებით, არამედ, მეორე,  პოზიტიურ ნაწილზე გადავდივართ.

 

ანუ?

– ხალხთან მისვლას ვაპირებთ, ოღონდ არა იმ ლოზუნგით, რომ ეს კონსტიტუცია არ ვარგა. ჩვენ წარვუდგენთ კონსტიტუციის ჩვენს მიერ შემუშავებულ ვარიანტს და მხარდაჭერას ვთხოვთ.

 

მიიღო საბოლოო სახე თქვენს მიერ შემუშავებულმა დოკუმენტმა?

– იურიდიული ნაწილი გაკეთებულია, ნორმატიულად ნაწილობრივ ჩამოყალიბებულია, მაგრამ ეს პროცესი პარალელურად წავა.

 

და კარდაკარ აპირებთ სიარულს?

– არა, ჩვენ ცოტა სხვაგვარად ვაპირებთ ამის გაკეთებას – ჯერ საზოგადოების იმ ნაწილთან ვაპირებთ ურთიერთობას, ვისაც სპეციალისტები ჰქვიათ. ეს ჩვენ  გავაკეთეთ და მოგვწონს, მაგრამ საკუთარი გაკეთებული ყველას მოსწონს; ჩვენ ვიძახით კარგიაო, მაგრამ გვინდა სხვამ, გარეშე თვალმაც წაიკითხოს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ეს დოკუმენტი ხვალ–ზეგ შესასწორებელი არ გახდეს.

 

ამ საქმეში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვინდა ჩავრთოთ. ამის შემდეგ დოკუმენტს აკადემიური სახე გვინდა მივცეთ და ამასთან, არაიურიდიული, ყველა ადამიანისთვის გასაგებ ენაზეც ჩამოვაყალიბოთ, რათა მოსახლეობას გავაგებინოთ რაზეა ლაპარაკი და იმ მიმართულებით ვიმუშაოთ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება მხოლოდ ნორმალური კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში დაიწყება.

სანამ ჩვენ ამაში არ დავრწმუნდებით, სულ გადატრიალებების და ლიდერების მოლოდინში ვიქნებით.