ნინო თარხნიშვილი, "თავისუფლება"
სასურსათო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის ვაუჩერები - ყველა ამ ტიპის ვაუჩერი ხელისუფლებამ გასულ, 2011 წელს გასცა. ვაუჩერების საპირწონედ კი, შეიძლება ითქვას, ელექტროენერგიის მოხმარებისა და დასუფთავების მომსახურების გადასახადი ერთმანეთს დაუკავშირდა და ამით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დასუფთავების გადასახადის გადახდა ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფის მიხედვით უწევს. გასულ წელსვე 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაიზარდა მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური. გასული წლის მიწურულს გახდა ცნობილი ერთი-ერთი ყურადსაღები სოციალური ინიციატივა: მომავალი წლის სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსია 140 ლარი გახდება, ხოლო 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ყველა პენსიონერი მიიღებს.
ხელისუფლების მხრიდან პირველი აქტივობა, რომელიც სოციალურ თემატიკაში ჩაიწერა ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში, თებერვალში განხორციელდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი მიეღოთ. ამ ინიციატივიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე კი ცნობილი ხდება, რომ 2011 წლის პირველი ივლისიდან დასუფთავების ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრა - ყოველ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი. თბილისის მერია დარწმუნებული იყო, რომ მათ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც რეალურ გათვლებს ეფუძნებოდა. მერიის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით დასუფთავების გადასახადი გაეზრდებოდა თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტს, შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ნაწილს, და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ოჯახებს. საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი არაერთი სტატისტიკური მონაცემისა და გათვლების მიუხედავად, ოპოზიცია მთელი სხდომის განმავლობაში მოითხოვდა საკითხის ერთი თვით გადადებას, მაგრამ საკრებულოს უმრავლესობამ ამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მაშინდელი პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, თბილისის მერიის ინიციატივა გაუგებარი, ალოგიკური და უპრეცედენტო იყო:
”ამ ინიციატივაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ გამიგია, რომ რომელიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, არც რაიმე ბიოლოგიური გათვლა იარსებებს ამისა, რომ ვინც 100 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს, ის რაღაც დონის დაბინძურებას ახდენს, და ამის არც ეკომონიკური დასაბუთება არსებობს.”
ივლისის თვეში ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან დაკავშირების თაობაზე, რამდენიმე დღეში თბილისის მასშტაბით მიკროავტობუსებით მგზავრობის 50 თეთრდან 80 თეთრამდე გაძვირება მოჰყვა. სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - ”თბილისის მიკროავტობუსის” - წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებდნენ. თბილისის მერიამ კი ცვლილებას სპეციალური განცხადება მიუძღვნა, სადაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ”ფასებს ბაზარი არეგულირებს და, შესაბამისად, თბილისის მერიასა და საკრებულოს მისი განსაზღვრა არ შეუძლია”.
მოსახლეობის მხრიდან გამოხატული არაერთი პროტესტის მიუხედავად, თბილისის მასშტაბით მიკროავტობუსით გადაადგილების საფასური 80 თეთრი გახდა.
თუკი სატრანსპორტო თემატიკას გავაგრძელებთ, მაშინ, ალბათ, არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის მერიის ინიციატივა სატრანსპორტო ხუთლარიანი ვაუჩერის დარიგების შესახებ. 5-ლარიანი ვაუჩერი ყველა იმ მგზავრს გაუაქტიურდა, ვისაც 2011 წლის 17 ოქტომბრამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით ერთხელ მაინც ჰქონდა გადახდილი. თბილისის მერიის ეს ინიციატივა ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი დაუჯდა. რადიო თავისუფლებამ მგზავრები გამოკითხა. გამოკითხვის შედეგი არაერთგვაროვანი იყო:
- თითქმის ყოველდღე ვმგზავრობ მეტროთი, მართლა კარგი შეღავათია.
- საერთოდ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს არც ხუთს, არც ათს... ათჯერ წავალ-მოვალ და ეგ იქნება.
- აბა, ამხელა რიგში ვინ ჩადგება, შეღავათი რომ არ იყოს?
- აი, გახარებულია ხალხი, რომ ხუთი ლარი ჩაერიცხებათ. თუკი მსგავსი ტიპის აქციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, ამაზე უკეთესს რას გააკეთებენ.
- რა არის ჩადებული ამაში, არ ვიცი; რა მიზანი და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ვერ გეტყვით.
თბილისის საკრებულოს წევრის, რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელის თქმით კი, თბილისის მერიის ეს წამოწყება წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყო და მან ამ ინიციატივას არასერიოზული გადაწყვეტილება უწოდა.
მივყვეთ ჯაჭვს ლოგიკურად და კიდევ ერთი ტიპის ვაუჩერზე ვისაუბროთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლებისგან ერგო - 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგების ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა:
”ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ თენდება დილა დედისათვის, რომელსაც ყოველი თეთრი გაწერილი აქვს, თუ როგორ დახარჯოს ფული ისე, რომ გადააგოროს ერთი დღე და აღმოაჩენს, რომ ერთი კილო შაქარი, ლარ-ნახევარის ნაცვლად, სამ ლარამდეა გაძვირებული...”
ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ხადურმა ვაუჩერების საყოველთაო დარიგება არასწორ ნაბიჯად მიიჩნია და რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები გაცილებით ლოგიკურად შეიძლება დაიხარჯოს:
”კურსი, რომელიც ახლა ხორციელდება, ანუ სახელმწიფო ეხმარება ყველას, ჩემი აზრით, ამ რესურსების არასწორად გამოყენებაა, რადგან აღნიშნული 30 მილიონი ლარით შესაძლებელი იქნებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფრო მეტი თანხა გადასცემოდათ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს თანხა უნდა მიეცეს მხოლოდ მათ, ვისაც უჭირს.”
კიდევ ერთი 30-ლარიანი ვაუჩერი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად უკვე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ გლეხებს დაურიგა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, ვაუჩერის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე იქნება. ვაუჩერის გამოყენება მის მფლობელს მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მოხვნა და სხვ.) ან სასუქის შესაძენად შეეძლება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ხელისუფლების ინიციატივას - 30-ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას - წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდა. კახელმა გლეხმა ტარიელ ბეგიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ამ ვაუჩერს გააჩუქებს, რადგან მის ფუნქციას ვერ ხედავს.
გასული წლის მიწურულს საქართველოს მთავრობა კიდევ ერთი სოციალური ინიციატივით გამოვიდა: მომავალი წლის სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსია 140 ლარი გახდება, ხოლო 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს ყველა პენსიონერი მიიღებს. ეს ინიციატივა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას დაუკავშირდა და მასში უკვე აისახა პენსიების გაზრდისთვის საჭირო ხარჯები. მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პენსიებზე სადაზღვევო პაკეტის დამატების მიზეზები განმარტა:
„ჩემ გარშემო ადამიანებს - რამდენიმე ჩემს ნათესავს, ახლობელს, მეგობარს - პატარა რაღაც რომ წამოსტკივდებოდათ, დაზღვევა რომ არ იყო, 17-20-30 ათას ლარზე ადიოდა საავადმყოფოს ხარჯები. შეიძლება არსებობს ისეთი ოჯახები, რომლებსაც ამის გაძლება შეუძლიათ, მაგრამ უმეტესობას მაინც არ შეუძლია. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, ვთხოვე დედაჩემს, მოდი, დაეზღვიე მაინც-თქო, მაგრამ ვერ დაეზღვია..."
2012 წლის სექტემბრიდან პენსიების გაზრდისა და მასზე სადაზღვევო პაკეტის დამატების გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გაზეთ „ბიზნეს რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ზვიად შვანგირაძემ განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება:
„ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია მოქცეული და ამით მთავრობა, ალბათ, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. მთავრობა აპირებს სადაზღვევოს კუთხითაც სიტუაციის გაუმჯობესებას, რომ ოპონენტებს არ ჰქონდეთ ამ საკითხთან კონკრეტული შენიშვნები. პენსიაც, თუნდაც 67 წლის ადამიანებისათვის, მიუახლოვდება 100 დოლარს. სადღაც 800-900 მილიონამდე, თითქმის მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეს მთლიანი მომსახურება, რასაც სახელმწიფო პენსიებით მომსახურების კუთხით გასცემს. მილიარდი ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/7 ნაწილი, ეს არის დაახლოებით 15% და როდესაც ამხელა ტვირთი მოდის პენსიებზე, ეს, რა თქმა უნდა, ძვირი უჯდება სახელმწიფოს.“
ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ "შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის ანგარიში მოსახლეობას“ გასული წლის დასასრულამდე სამი დღით ადრე წარმოადგინა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ამოქმედებაა. მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა მილიარდიანი ინვესტიცია და, დაპირებული 100 საავადმყოფოს ნაცვლად, საქართველოში 150 ახალი ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კლინიკა აშენდა. მისივე ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი დაზღვეული მოქალაქეა. 2012 წლიდან კი, საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივით, ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე, ყველა ასაკის პენსიონერი და ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვი.
874
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85