ირაკლი სესიაშვილი - გრიფი

ირაკლი სესიაშვილი - გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ უნდა მიიღოს

"ქართული ოცნების" ოფისში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საუბარი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და შიდაორგანიზაციულ საკითხებს შეეხება.

"პოლიტსაბჭოზე, როგორც წესი, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საკითხს და შიდაორგანიზაციულ თემებს განვიხილავთ. თუმცა, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განვიხილავთ ყველა აქტუალურ საკითხს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, გაიმართება თუ არა მსჯელობა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე, სესიაშვილის განმარტებით, ეს თემა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის. თუმცა არ არის გამორიცხული, საუბარი აღნიშნულსაც შეეხო. 

"მე მივესალმები ბატონი მინისტრის სწორ პოზიციას, რომ არის გახსნილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს, ბუნებრივია, გახლავთ რეზონანსული საქმე, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და თავდაცვის სამინისტროს პრესტიჟს. ამიტომაც გახსნილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა სესიაშვილმა.

რაც შეეხება საქმეზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნას, რასაც თავდაცვის მინისტრი მოითხოვს, სესიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულზე გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა.

"ამ შესყიდვებზე გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა, ალბათ, საქმის ნაწილზე, საიდუმლოს მოხსნის საშუალება იქნება და ამაზე თავად მინისტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", - დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.