თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განუცხადა, ისინი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ.

"ჩვენ მოვითხოვთ გაუქმებულ იქნას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა და ალტერნატიული სახით გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. როგორც ცნობილია, დაკავებულ პირებს, თითქმის მთელი სამინისტრო თავდებში უდგება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებას აბარია ქვეყნის უსაფრთხოება, აბარია 5 მილიონი ადამიანის ბედი, სასამართლომ, ჩვენდა გასაკვირად, არ ანდო 5 ადამიანი", - განაცხადა ადვოკატმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია. დაკავებულ პირებს ორი დღის წინ საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.