თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველ ნაკადზე 158 პირმა ბარიერი ვერ გადალახა

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველ ნაკადზე 158 პირმა ბარიერი ვერ გადალახა

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველ ნაკადზე 242 აპლიკანტიდან ბარიერის გადალახვა 84-მა მათგანმა შეძლო, 158-მა კი, მერიის მიერ დადგენილი ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პირველი ნაკადის შედეგები ტესტირების შემდეგ საჯარო გახადა. მისი თქმით, შედეგები დაბალია, თუმცა ბარიერის დაწესება თბილისის მერიის მიერ მოხდა. ტესტების სირთულეზე საუბრობენ ის აპლიკანტები, რომლებმაც 45 ქულიანი დაწესებული ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. ერთ-ერთი აპლიკანტი თიკო მჭედლიძე, რომელიც მერიის ცხელი ხაზის თანამშრომელი იყო, აცხადებს, რომ ტესტების სირთულე არ შეესაბამებოდა მის მიერ მერიაში დაკავებულ თანამდებობას. ის აპლიკანტები, ვინც დადგენილი ზღვარი გადალახეს, ტესტების სირთულე საშუალო დონით შეაფასეს. 

თბილისის მოხელეთა ატესტაციის პირველ ეტაპზე  280  აპლიკანტიდან ტესტირებაში მონაწილეობა 242-მა   მიიღო. 37 აპლიკანტი ტესტირებაზე არ გამოცხადდა, ერთმა კი დააგვიანა. 

მერიის მოხელეთა ატესტაციის მეორე ეტაპზე აპლიკანტებს გასაუბრება ჩაუტარდებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, გასაუბრება 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე ეტაპობრივად ჩატარდება.