ზოგიერთი თანამშრომლის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, პროცესისადმი უნდობლობას არ უკავშირდება

ზოგიერთი თანამშრომლის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, პროცესისადმი უნდობლობას არ უკავშირდება

მერიის ზოგიერთი თანამშრომლის ტესტირების პროცესზე გამოუცხადებლობა მათი მხრიდან პროცესისადმი უნდობლობას არ უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა დღეს მერიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვიცე-მერმა მერიაში დღეს დაწყებული ტესტირების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი ნორმალურ, მუშა რეჟიმში მიმდინარეობს. ტესტირებას მერიის 330  თანამშრომელ იგადის. ისინი შედეგებს ტესტირების დასრულებისთანავე გაიგებენ. რამდენიმე საათში კი,  მეორე ნაკადის ტესტირება დაიწყება.

ალექსანდრე მარგიშვილის ინფორმაციით, ტესტი 60 კითხვისაგან შედგება, რომელთაგან 45 ეხება კანონმდებლობას, 15 - ზოგად უნარებს გამოავლენს.

მარგიშვილი საუბრისას შეეხო მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობასაც და აღნიშნა, რომ მასში სამი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ერთი პროფკავშირების წარმომადგენელი შედის.

რაც შეეხება ტესტირებაზე ზოგიერთი თანამშრომლის გამოუცხადებლობას, მარგიშვილის თქმით, ეს ფაქტი  პროცესისადმი უნდობლობას არ უკავშირდება. ვიცე მერი  ვარაუდობს, რომ აღნიშნულმა პირებმა საკუთარ შესაძლებლობაში ეჭვი შეიტანეს და სავარაუდოდ, გამოცდაზე ამის გამო არ გამოცხადდნენ.

მარგიშვილმა ასევე უარყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტესტები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ არის მომზადებული. მისი თქმით, ტესტები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ამ პროცესში რომელიმე უწყების ჩარევა შეუძლებელია. მარგიშვილი ასევე არ ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას, რომ მერიას თანამშრომლების გაშვება უნდა.

მარგიშვილის თქმით, ის პირი, რომელიც ტესტირებას ვერ გაივლის, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მერიის კონკურსებში. პირებს ტესტირების შედეგების გასაპროტესტებლად ერთი კვირა ექნებათ გამოცდების ეროვნულ ცენტრში და შემდეგ თბილისის მერიაში. მარგიშვილის თქმით, ამისათვის ერთი კვირა არსებობს და სწორედ ერთი კვირის შემდეგ დაიწყება ატესტაციის მეორე ეტაპი – გასაუბრება.

არსებული მონაცემებით,  ტესტირებაზე 37პირი არ გამოცხადდა.