მერიაში ტესტირებაზე 37 თანამშრომელი არ მივიდა

მერიაში ტესტირებაზე 37 თანამშრომელი არ მივიდა

მერიაში თანამშრომელთა ტესტირება დაიწყო. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობსმისი თქმით, ტესტირებაში მონაწილეთა პირველი ნაკადის რეგისტრაცია დილის 9 საათზე დაიწყო, რეგისტრაციის პროცესი ერთ საათს გაგრძელდა, აპლიკანტებმა ტესტებზე მუშაობა 10 საათზე დაიწყეს. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით აპლიკანტებს მუშაობის დასრულებისთვის 2 საათი აქვთ მიცემული.როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, ამ დრომდე არანაირი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, ტესტირების შინაარსობრივი და ორგანიზაციული ნაწილი შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა და შესაბამისად, ტესტური დავალებების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ცენტრი იღებს. მისივე თქმით, მერიას და სხვა უწყებებს ტესტურ დავალებებთან ხელმისაწვდობობა არ გააჩნია.

„ტესტირებაზე 367 აპლიკანტი უნდა გამოცხადებულიყო, 37 აპლიკანტი არ გამოცხადდა, ერთი მათგანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით მოვიდა და სამწუხაროდ, წესების მიხედვით, მისი დაშვება ტესტირებაზე ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.