საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებამ დიდი დარტყმა მიიღო.
როგორც ალასანიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი უკვე მიადგა, აუცილებელია, რომ ჭეშმარიტების დასადგენად საქმეს გრიფით "საიდუმლო" მოეხსნას.
"ძალიან მნიშვნელოვანია გრიფით "საიდუმლო" მოეხსნას ამ საქმეს, იმიტომ რომ ამ ნაბიჯით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ უსაფრთხოების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმ რაღაც მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო რომ ასე ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება წარიმართოს ღიად და გახსნილად", - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს ამ საკითხზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიის გამართვას.
"ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით მიადგა ზიანი, აუცილებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა – პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც ვგეგმავ შეხვედრას. ბუნებრივია, როცა ყველაფერი დასრულდება ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა უკვე დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.
ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა. ის ბერლინიდან განთენიისას დაბრუნდა.