პრემიერი

პრემიერი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობასა და თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავებას შორის კავშირს ვერ ხედავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" მიერ დაანონსებულ ყრილობასა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას შორის ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.
როგორც ღარიბაშვილმა საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებზე კომენტირებისას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ეს ორი საკითხი ერთმანეთს დროში არ ემთხვევა.

"ისინი დროში არ ემთხვევა ერთმანეთს. ჩემი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დაიწყო 4 თუ 5 თვის წინ, ხოლო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი აპირებდა პარტიის ყრილობის ჩატარებას, გაჟღერდა დაახლოებით ერთი თვის წინ. ასე რომ, ყველაფერი პირიქითაა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამაზე სპეკულირება არ შეიძლება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება იმას, რომ ირაკლი ალასანია, შესაძლოა, მისი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდეს.

პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში შეკითხვა პირიქითაც შეიძლება დაისვას – "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ დაბრუნებას ხომ არ აპირებს ალასანია იმიტომ, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება იყო დაწყებული. "ყრილობის ჩატარება ნორმალურია. ამ ამბისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ირაკლი იყო ჩემთან და მითხრა, მეც ვარ ყრილობაზე მიწვეული და თუ ჩატარდება, მივალ კიდეც, რა პრობლემაა?!", - დასძინა პრემიერმა.