იაპონია და აზიური კრიზისის რისკი

იაპონია და აზიური კრიზისის რისკი

ევროპულმა კრიზისმა, რომელიც მაღალი დავალიანებებით არის გამოწვეული, სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიური პრობლემის განხილვის აუცილებლობა წარმოშვა. ამ მხრივ იაპონია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის ლიდერი გახლავთ. მისი სახელმწიფო ვალი 904 ტრილიონ იენს (10 ტრილიონი დოლარი) შეადგენს, რაც ქვეყნის შიდა პროდუქტის 190 პროცენტია. იაპონიის ბიუჯეტის შემოსავალი 48 ტრილიონი იენაა, გასავალი კი 92,3 ტრილიონი, ხოლო შიდა პროდუქტის მოცულობა 475,2 ტრილიონი. მოკლედ, სიტუაცია შემზარავად გამოიყურება, თუმცა, ამ ქვეყანას გარკვეული თავისებურებები აქვს, რაც სხვა ვალებში ჩაფლულებისაგან გამოარჩევს.

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სუფთა ვალი (საპენსიო ფონდები სავალუტო რეზერვების გარეშე), რომელიც შიდა პროდუქტის 110 პროცენტია და გვარიან რისკს შეიცავს. მეორე თავისებურება ის გახლავთ, რომ ვალის დიდი ნაწილი იაპონურ ბანკებს, საპენსიო ფონდებს და სადაზღვევო კომპანიებს ეკუთვნის. ეს იაპონიას დადებითად გამოარჩევს ისეთი ქვეყნებისგან, რომელთა დავალიანების წილი უცხოელთა ხელშია. სხვათა შორის, ასე იყო საბერძნეთის შემთხვევაში. უცხოური კაპიტალის მცირე რაოდენობით მოზიდვა კი იაპონიის ვალების ბაზრიდან უცხოელთა გაქცევის რისკს გამორიცხავს. როგორც ცნობილია, „ბერძნული კრიზისი“ სწორედ ასე დაიწყო.

 

ძირითადი რისკები თავმოყრილია იაპონიის შიდა სექტორში. შარშან ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა 11,2 პროცენტი შეადგინა, წლევანდელი მაჩვენებელი კი 9,3 პროცენტი გახლავთ. დეფიციტის შემცირებას ხელი ჩინეთის მხრიდან მოთხოვნილების ზრდამ შეუწყო.

 

ძირითადი ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა სახელმწიფო დავალიანების სექტორის დესტაბილიზაცია მოჰყვეს, იაპონური ოჯახების შემოსავლის შემცირებაა. საქმე ისაა, რომ იაპონელები, ტრადიციულად, თავიანთი დანაზოგის დიდი ნაწილის სახელმწიფო ობლიგაციებში დაბანდებას ახდენენ. კრიზისის პერიოდში კი შემოსავალი შემცირდა, ხოლო უმუშევრობა გაიზარდა. თანაც, შემოსავლის მთავარ წყაროდ ტრადიციულად რჩება უცხოური კაპიტალი, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების და ექსპორტის სახით მოედინება.

 

ამ უკანასკნელს განსაკუთრებული როლი ენიჭება და ამიტომ ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იენის კურსი, რომლის ზრდა გარე დაბანდებებიდან შემოსავალს და იაპონიის წარმოების კონკურენტუნარიანობას ამცირებს, ეს კი უმუშევრობის ზრდას იწვევს, რომელიც 5 პროცენტზე მაღლა მერყეობს. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იაპონური კომპანიების თითქმის ნახევარი წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანას აპირებს, თუ ეროვნული ვალუტის კურში არ შემცირდება.

 

სიტუაციას ის ართულებს, რომ მთავრობა და ცენტრალური ბანკი იენის კურსის ზრდის წინაშე უძლურნი არიან. ინტერვენციის დაწყება სპეკულაციური კაპიტალის მოდინებას გამოიწვევს და განმეორდება 2003 წლის სიტუაცია, როცა იაპონიის ბანკმა დამარცხება აღიარა. არადა, ჩაურევლობაც არ იქნება, რადგან თუ ასე გაგრძელდა, იენის კურსის ზრდა დაჩქარდება, რასაც იაპონიის მთელი ფინანსური და ეკონომიკური სისტემის დაშლა მოჰყვება.

 

თავისთავად ცხადია, იაპონურ და მისგან გამომდინარე სრულიად აზიურ ეკონომიკურ კრიზისზე ჯერ საუბარი ადრეა, მაგრამ ექსპერტები უკვე დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ. გასული წლების გლობალურმა კრიზისმა და საბერძნეთის დეფოლტმა ყველა გვარიანად დააფრთხო და ახალი პრობლემები არავის სჭირდება.